მაისურაძე გიორგი ვასილის ძე (1908, სოფ. ქვედი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 23. II. 1966, იქვე), საბჭოთა კავშირის გმირი (15. I. 1944). 1941-იდან იყო წითელი არმიის რიგებში, 1942 მაისიდან – მოქმედ არმიაში. სოფ. გლუშეცის (ლოევის რ-ნი, გომელის ოლქი) გათავისუფლებისათვის ბრძოლის დროს (1943 წ. 10 ოქტ.) მ. მკერდით გადაეფარა მტრის საცეცხლე წერტილს, საშუალება მისცა თავისი ასეულის მებრძოლებს გადასულიყვნენ იერიშზე და შეესრულებინათ საბრძოლო დავალება, რისთვისაც გმირის წოდება მიენიჭა. მ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტ.: Герои Советского Союза, т. 2, М., 1988.
ტ. ჩინჩილაკაშვილი