მაისურაძე გიორგი ივანეს ძე [6 (18).VI. 1817, სოფ. წინანდალი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 6 (18). VI. 1885, ქუთაისი], ფერმწერი, ქართ. რეალისტური პორტრეტის ფუძემდებელი. მ. იყო პოეტ ა. ჭავჭავაძის ყმა. 1837 პოეტმა იგი ყმობისაგან გაათავისუფლა და სანქტ-პეტერბურგში სასწავლებლად გაგზავნა. მ. პირველი ქართველი ფერმწერია, რ-მაც განათლება სანქტ-პეტერბურგის აკადემიაში მიიღო (1837–44). იყო კ. ბრიულოვის მოწაფე. მ. 1850-იდან გარდა შემოქმედებითი მოღვაწეობისა პედ. საქმიანობასაც ეწეოდა. ასწავლიდა ხატვას, ხაზვას და სუფთა წერას ქუთაისის გიმნაზიაში. მისი ნამუშევრების უმრავლესობა დაკარგულია. ცნობილია რამდენიმე, მ. შ.: ა. ბაგრატიონის (1839), ი. ჭიჭინაძის (1853), ნ. აბულაძის (XIX ს. 60-იანი წლები) პორტრეტები, ავტოპორტრეტი (70-იანი წლები, ყველა შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმი) და სხვ. შემორჩენილი ნამუშევრები გვიჩვენებს, რომ მხატვარი ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ფერწერაში, ისე აკვარელში.
თ. გერსამია