მაისურაძე გურამ იაკობის ძე (12. I. 1933, თბილისი, – 3. VII. 2021, იქვე), ისტორიკოსი, მედიევისტი, არმენოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1991). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1956). 1969–2006 იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოლოგიის ინ-ტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყ-ბის უმცროსი (1969–73), უფროსი (1973–86), შემდეგ წამყვანი (1986–2006) მეცნიერ თანამშრომელი, 1998–2006 მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთავარ სამეცნ. რედაქციაში.
მ-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო ქართულ-სომხური ურთიერთობები, ფეოდ. ურთიერთობების თავისებურებები კავკასიაში, „ქართლის ცხოვრების“ პოლიტ. იდეოლოგიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და პუბლიც. ნაშრომები.
თხზ.: ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII–XVIII საუკუნეებში, თბ., 1982; საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის საკითხები, თბ., 1999; ნარკვევები საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების ისტორიიდან IV–XII საუკუნეებში, თბ., 2002; ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიოგრაფიიდან, თბ., 2008; ლეონტი მროველის თვალსაზრისი კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობაზე, თბ., 2010; Из историографии грузино-армянских взаимоотношений, Тб., 2010.