მაისურაძე ზაქარია ნიკოლოზის ძე [4(16). X. 1891, ქარელი (ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი), – 21. VII. 1975, თბილისი], ანატომი, ქართული სამედიცინო ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მედ. მეცნ. დოქტორი (1942), პროფესორი (1945), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). თსუ-თან არსებული სამედ. ფაკ–ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1918).
1917 დაამთავრა კიევის უნ–ტის სამკურნ. ფაკ-ტი. 1918-იდან მუშაობდა თსუ-ის ნორმალური ანატ. კათედრაზე პირველ ასისტენტად და ფაკ-ტის სწავლულ მდივნად (1919); 1935–48 იყო სტომატოლოგიური ინ-ტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე და ფაკ-ტის დეკანი; 1959-იდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა თსსი-ის ნორმალური ანატ. კათედრას.
მ-მ ა. ნათიშვილთან ერთად გამოსცა „ადამიანის ნორმალური ანატომიის“ სახელმძღვანელო (1930), 1962 – სახელმძღვანელო სანიტ.-ჰიგიენური ფაკ-ტებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მ-ის წვლილი ქართული სამედ. ტერმინოლოგიის შექმნაში („რუსულ-ქართულ–ლათინური სამედიცინო ტერმინოლოგია“; 1947). 1979 გამოიცა მისივე შედგენილი საერთაშ. ანატომიური ნომენკლატურა (პარიზის ნომენკლატურების მიხედვით) ლათ., რუს. და ქართ. ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი.