მაისურაძე ნინო (ნანული) მიხეილის ასული (დ. 19. II. 1937, თბილისი), ისტორიკოსი, ეთნომუსიკოლოგი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1983). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1961). გაიარა მუსიკისმცოდნეობის სპეც. კურსი თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1962–64). 1961-იდან მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის ეთნოგრ. განყ-ბაში. კითხულობდა ლექციების სპეც. კურსს ეთნომუსიკოლოგიაში თსუ-სა და ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილ. პედ. ინ-ტში (ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტი). თბილ. უნ-ტ „გეორგიაში“, იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის კათედრის გამგე (1991–95).
მ-ის სამეცნ. მოღვაწეობას უკავშირდება ეთნოლოგიის დარგში მუს. ეთნოლოგიის (ეთნომუსიკოლოგიის), როგორც სამეცნ. დისციპლინის (საფუძველი ჩაეყარა აკად. გ. ჩიტაიას თაოსნობით) ჩამოყალიბება. მ-ის ნაშრომები მიეძღვნა ქართ. ტრადიციული მუსიკის, როგორც ყოფის ორგანული ნაწილის, ისტ.-ეთნოლოგიური ასპექტით შესწავლას, კულტურულ-ყოფითი და ეთნიკური ფუნქციების გამოვლენას, ქართული და ჩრდილოკავკასიური მუს. ენების ურთიერთმიმართებას და მათი ერთობის პრობლემას. ეთნომუსიკოლოგიაში შემოიტანა ტერმინი „მუსიკალური ფუძე-ენა“ („საერთო ქართველური მუსიკალური ფუძე-ენა“) და შეისწავლა მისი ჩამოყალიბების ქრონოლოგიური ჩარჩოები და მუს. დიალექტებად დიფერენციაციის პროცესი.
მ. არის მონოგრაფიების, მრავალი სტატიისა და მუს. კომპოზიციების ავტორი.
თხზ.: ქართული ხალხური მუსიკა და მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები, თბ., 1990; ქართული ხალხური მუსიკა და ქართველი ხალხის ეთნოგენეზი, კრ.: ქართველი ხალხის ეთნოგენეზი, თბ., 2002; ქართული ჰიმნოგრაფია და ეროვნული ცნობიერება, „ანალები“, 2008, [ტ.] 3; ქართული ტრადიციული მუსიკა და ეროვნული ცნობიერება, თბ., 2015; ეთნომუსიკოლოგია, მუსიკალური ეთნოლოგია, გამოც. მე-2, თბ., 2018.
ლიტ.: გოცირიძე გ., ქართული ხალხური მუსიკის ეთნოლოგიური კვლევის სათავეებთან (ნინო მაისურაძის სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით), „ანალები“ 2012, [ტ.], №8.