მაკარი მესხი

მაკარი მესხი, მაკარი ხახულელი, ქართველი საეკლესიო მოღვაწე, XI ს. დამდეგიდან ხახულის ლავრის წინამძღვარი. გიორგი მცირის მიხედვით 1019, როცა მცირეწლოვანი გიორგი (შემდგომ გიორგი მთაწმინდელი) ხახულში ჩაიყვანეს, „მიჰგუარეს იგი მამასა მაკარის, რომელი იგი მას ჟამსა ღირსებისათვის მისისა წინამძღვარი [იყო] დიდისა მის ლავრისაჲ “. უახლეს სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმული მოსაზრებით, მ. მ-ს უნდა „გადმოეკეთებია“ პეტრე იბერის ასურული „ცხოვრება“ ქართულად.

მ. მ. აკად. ნ. მარს XIII–XIV სს. მოღვაწედ მიაჩნდა; კ. კეკელიძის დასკვნით, უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ძეგლში. სინას მთასა და პალესტინაში X ს. დასასრულს მოღვაწე ქართველთა შორის მაკარიც იხსენიება. სავარაუდოდ, მ. მ. ხახულში დამკვიდრებამდე პალესტინაში მოღვაწეობდა, იქვე უნდა ემუშავა პეტრე იბერის „ცხოვრებაზე“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი, როგორც ჩანს, ხახულის ლავრის წინამძღვრად აირჩიეს.

ლიტ.: კეკელიძე კ., მაკარი მღვდელი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მაკარი მესხი, ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წგ. 1, თბ., 1984.

ვ. გოილაძე