მაკლურა, თუთავაშლა (Maclura), მცენარეთა გვარი თუთისებრთა ოჯახისა. გვარში 12-მდე სახეობაა. მათგან აღსანიშნავია ნარინჯისებრი მ. (M. aurantiaca). იგი ორსახლიანი, ფოთოლმცვივანი, გაშლილვარჯიანი ხეა, რ-ის სიმაღლე 20 მ აღწევს. აქვს ღრმად დაშაშრული მურა-რუხი ქერქი, ეკლიანი ტოტები, კიდემთლიანი, კვერცხისებრი, ბოლოწაწვეტებული ფოთლები და დიდი, მრგვალი, ნარინჯის მსგავსი ღრმად დანაოჭებული „ნაყოფი“ (ნაყოფედი), რ-იც არ იჭმება (შეიცავს რძეწვენს). საკვებად იყენებენ მხოლოდ ნაყოფის თესლს.
მ-ს სამშობლოა ჩრდ. ამერიკა. დეკორატიულ მცენარედ მოშენებულია კავკასიაში, შუა აზიაში უკრაინაში, საქართველოში და სხვ. შედარებით ყინვაგამძლეა, საკმაოდ კარგად ეგუება მწირ, რამდენადმე დამლაშებულ და მშრალ ნიადაგს, თუმცა უკეთ ხარობს საშ. ტენიანობის პირობებში. ადვილად იტანს კრეჭას.
იყენებენ მტკიცე და გაუვალი ცოცხალი ღობის გასაშენებლად, აგრეთვე გასამწვანებლად. დიდად ფასობს მისი ოქროსფერი მერქანი, რ-იც ცნობილია „ბრაზილიური ყვითელი ხის“ სახელით. მისგან მზადდება მაღალხარისხოვანი ქაღალდი.
ვ. სხიერელი