მაკრიალი

მაკრიალის ეკლესია და კოშკი. XIV ს.

მაკრიალი, ისტორიული პუნქტი სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), თანამედროვე ქ. ქემალფაშა (Kemalpaşa – ამავე სახელწოდების რ-ნის ცენტრი ართვინის მხარეში). ადგილობრივი ლაზები ნოღედსაც უწოდებენ. მდებარეობს სანაპიროზე, საქართველოს საზღვრიდან (სარფიდან) 5 კმ-ში. სასაზღვრო ზონაში მდებარე მ. სხვადასხვა ეპოქაში მოიაზრებოდა ჭანეთსა და კლარჯეთში, ზღვისპირისა და გონიას მიკროპროვინციებში.

არის მოსაზრება, რომ მ. არის პტოლემაიოსთან (II ს.) დამოწმებული პუნქტი ქსილინე. ტოპონიმი, რ-იც შესაძლოა მაკრონების ტომის სახელწოდებასთან იყოს დაკავშირებული. წერილობით წყაროებში პირველად გვხვდება მიქელ პანარეტოსთან (XIV ს.) მაკროსეგიალოსი/მაკრეგიალუსი („გრძელი სანაპირო“) ფორმით, რაც ადგილ. სახელის ბერძნულად გადააზრების გზით უნდა იყოს მიღებული. ავტორის მიხედვით, ამ ადგილს ორი დინასტიური ქორწინების ფაქტი უკავშირდება: 1367 ივნისში ლაზიკეში, მ-ში, „ხმელეთითა და ზღვით“ ჩავიდა ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III-ის ამალა, რ-მაც საქართველოს მეფე ბაგრატ V-ს იმპერატორის ქალიშვილი ანა მიათხოვა (კონტექსტიდან ჩანს, თითქოს ჯვრისწერა/ქორწილი აქვე შედგა); 1377 მ-ში გაატარა ზაფხული იმავე ალექსი III-მ. გონიიდან დავით IX-ის ასულის (ბაგრატის დის), გულქან-ხათუნის ჩასვლის შემდეგ ამალა ტრაპიზონისკენ დაიძრა, სადაც მას ევდოკია უწოდეს და უფლისწულ მანუელზე (შემდგომში – იმპერატორი მანუელ III) დააქორწინეს. აღნიშნული ცნობებიდან ირკვევა, რომ მ. არა მხოლოდ სასაზღვრო ზონაა ტრაპიზონის იმპერიასა და საქართველოს სამეფოს შორის (ამ უკანასკნელის შემადგენლობაში), არამედ პრაქტიკული საგზაო კვანძია რეგიონის სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაში.

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ მ. შედიოდა იმერეთის სამეფოში, სამცხე-საათაბაგოსა და გურიის სამთავროებში; ხოლო ოსმალეთის მიერ მისი დაპყრობის (1547) შემდეგ – ტრაპიზონის ვილაიეთის არქაბეს ყაზას გონიას ნაჰიეში; 1879-იდან – რუსეთის იმპერიის (ბათუმის ოკრუგის გონიას უბანი), 1918–21 – საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის, 1921-იდან კი თურქეთის შემადგენლობაშია.

მ-ის სიძველეებიდან აღსანიშნავია ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპლექსი, რ-იც შედგება დარბაზული ტიპის ეკლესიისაგან და მასზე დას-იდან მიყრდნობილი 3-სართულიან ოთხკუთხა კოშკისგან (სიმაღლე – 12 მ). სართულები კამარებითაა გადახურული. ნაგებია ძირითადად რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია აგური, აგრეთვე კერამიკული ფრაგმენტები – ამფორები, დოქები, წყალგაყვანილობის მილები და სხვ., რ-ებიც უფრო ადრეული (სავარაუდოდ, გვიანრომაული) პერიოდისაა. კოშკის ქვედა დონეზე შეინიშნება ქვიშაქვის კვადრები, ასევე მეორადი გამოყენების შედეგად მოხვედრილი. სავარაუდოდ, კოშკი თავდაცვითი ნაგებობის გარდა ერთგვარი ორიენტირიც („შუქურა“) უნდა ყოფილიყო.

აღმ-იდან კოშკს ეკლესია ებმის. ეკლესიაში გასასვლელი კოშკის პირველი სართულიდანაა. ადრე სართული გვერდებიდან გახსნილი იყო თაღოვანი ღიობებით, რ-იც შემდგომში ამოუქოლავთ. ეკლესიის შესასვლელი არქიტრავით არის გადახურული. ეკლესია შვერილაფსიდიანია.  ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვით, დუღაბის გამოყენებით, ნაწილობრივ აგურიცაა ჩართული. ერთსაფეხურიან პილასტრები ანაწევრებს, რ-ებსაც საბჯენი თაღები ეყრდნობა. კამარა შეისრულია, აფსიდი – ნახევარწრიულია. 3 სხვადასხვა ზომის სარკმლით. კამარაცა და კონქიც დეფორმირებულია გვიან ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებით. ცენტრ. კარი ჩრდ.-დას. კუთხეშია. ნაწილობრივ ჩაქცეულია კამარაც. შემორჩენილია შელესილობის, ალაგ-ალაგ – მხატვრობის კვალი.

ეკლესიასა და კოშკის პირველ სართულს ჩრდ. მხრიდან დიდი ზომის მინაშენი ეკვრის, რ-ის ფუნქცია გაურკვეველია. კომპლექსი 3 მხრიდან შემოსაზღვრულია რიყის ქვითა და დუღაბით ნაგები. სწორხაზოვანი კედლებით (დაზიანებულია ჩრდ. მონაკვეთი). რიყის ქვითა და დუღაბით ნაგები.

ადგილობრივები ადასტურებენ უწინ მ-ში სხვა ტაძრის არსებობასაც, თუმცა მისი მდებარეობა უცნობია. მ-ის ფარგლებში და მის მახლობლად რამდენიმე თაღოვანი ხიდი თუ მისი ნაშთია შემორჩენილი. ძველად ზღვისპირისა და ჭოროხის აუზის პროვინციების დამაკავშირებელი უმოკლესი გზები მ-იდან და ხოფადან (ხუფათი) ხეობების აყოლებით გადიოდა.

წყარო: მიქელ პანარეტოსი, ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა..., გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილმა გამოც., ტ. 7, თბ., 1967.

ლიტ.: ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რედ. შ. მამულაძე, ე. კახიძე, ბათ., 2014; ტაო-კლარჯეთი, ისტორიისა და კულტურის ძეგლები, კატალოგი, რედ. ბ. კუდავა, თბ., 2018.

ბ. კუდავა