ევლოგი, XIII ს. სასულიერო მოღვაწე, „სალოსად წოდებული და წინასწარმცნობლობისა ღირსქმნილი". ბასიანის ბრძოლის წინ სალოცავად ოძრხეში წასულ თამარ მეფეს თან ახლდა ქართლის კათოლიკოსი თევდორე, ეპისკოპოსებთან და მონაზვნებთან ერთად, რ-თა შორის იყვნენ იოანე შავთელი და ე. ოძრხეში ყოფნის ჟამს დღედაღამ აღესრულებოდა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა" ბასიანში ქართველთა ლაშქრის გამარჯვებისათვის. ერთ-ერთი წირვის დროს ე. სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა, წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!". ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ე-მ საღვთო გამოცხადება იხილა. მან იოანე შავთელს გაანდო ხილვის საიდუმლო – ღვთის შეწევნით ქართველებმა ბასიანში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვესო, რის შემდეგაც „მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა". საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ე. წმინდანად შერაცხა. მოიხსენიება წმ. იოანე შავთელთან ერთად 1(14). IV.
წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ. – ათენი, 2003.
თ. მარგველაშვილი