მალაზონია ნესტორ გლახუნას ძე [30. XI (12. XII). 1892, სოფ. მამათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 22. XII. 1983, ბათუმი], პოეტი. 1919–25 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1933–35 იყო ხულოს რ-ნული გაზეთის რედაქტორი, 1938–41 – ბათუმის სახელმწ. გამომცემლობის წარმოების უფროსი, 1941–51 – გაზ. „საბჭოთა აჭარის“ რედაქტორი, ხოლო 1951-იდან – გამომცემლობა „სახელგამის“ რედაქტორი. პირველი ლექსი 1926 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებ. „პატაკი ოქტომბერს“ – 1938. შემდეგ მისი შემოქმედება საბავშვო ლიტ-რას დაუკავშირდა. ბავშვებისთვის წერდა ლექსებს („ანბანი“, 1941; „პაწაწინა ლუიზა“, 1944 და სხვ.), პოემებს („გულიზარ“, 1940; „შავი ზღვის პირას“, 1969 და სხვ.), ზღაპრებს („თაგვი“, 1939 და სხვ.). ავტორია წიგნებისა: „რჩეული“ (1951), „საბავშვო ლექსები, ზღაპრები, პოემები“ (1959), „რჩეული“ (1972), „მეხუთე სიჭაბუკე“ (1976) და სხვ.; მოთხრობისა „ორი გასროლა“ (1970). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.