მალაზონია ნოდარ ვლადიმერის ძე (დ. 27. IV. 1929, ოზურგეთი), მხატვარი (გრაფიკოსი). საქართვ. სახ. მხატვარი (1983). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკ-ტი (1955). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1956-იდან. მუშაობს დაზგურ და წიგნის გრაფიკაში, არის ქართული პლაკატის თვალსაჩინო ოსტატი. 1967 მისი ინიციატივით თბილისში, „მხატვრის კლუბში“ მოეწყო ქართველ მხატვართა პლაკატების პირველი გამოფენა. ნამუშევრები: პლაკატი იუნესკოს მრგვალი მაგიდისათვის (1962), საიუბილეო პლაკატები: „შოთა რუსთაველი – 800“ (1966) და „სანდრო ახმეტელი – 100“ (1979), სერია ინტურისტისათვის (1979–82), პანტომიმის თეატრის აფიშა (1982) და სხვ; დაზგური გრაფიკა: ფერადი ლითოგრაფიები – „ჩემი სოფლის სურათები“ (1969), „საბჭოთა კარიკატურის ოსტატები“ (1969), „წარსულის სურათები“ (1971), „1941–45 წელი“ (1975) და სხვ.; წიგნის გრაფიკა:
ნ. დუმბაძე, თხზ., ტ. 1–2 (რუს. ენაზე, 1986), ალბომი-კატალოგი „ციცინათელა“ (1970) და სხვ.; ფერწერა: „სანაპირო, სტამბოლი“ (1960), სერია „გზები“ (1962), „ღრუბლები“ (1981) და სხვ. გამოფენები: „საბჭოთა წიგნის, პლაკატის, გრაფიკის 40 წელი“ (1957, მოსკოვი), „ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა“ (1958, მოსკოვი), „ქართული საბჭოთა პლაკატი და რეკლამა“ (1961, თბილისი), „საბჭოთა ხელოვნება` (1963, ვენეცია), „პოლიტიკური პლაკატი და სატირა` (1974, მოსკოვი) და სხვ.; მისი პერსონალური გამოფენა ჩატარდა თბილისში (მხატვრის სახლი, 1983; „თეატრი და კინოს პლაკატი“, 1985; ქარვასლა – ფერწერა, გრაფიკა, ფოტო, პლაკატი, 2004), ინსბრუკში (1981, ავსტრია), კატმანდუში (1984, ნეპალი), მოსკოვში („ფოტოგრაფია და ფოტოგრაფიკა“, 1987). დაჯილდოვდა პრემიებით 1959 ბერლინში გამართულ პოლიტ. პლაკატების საერთაშ. გამოფენაზე და თბილისში რესპ. კონკურსზე – „დავიცვათ კულტურის ძეგლები“ (1959); აგრეთვე მიღებული აქვს კატანიის (იტალია) ევროპა-აფრიკა-აზიის ტურისტული პლაკატების XII საერთაშ. გამოფენაზე (წარმოდგენილი იყო 800-ზე მეტი პლაკატი 108 ქვეყნიდან) პლაკატების სერიისათვის –„გეპატიჟებათ საბჭოთა საქართველო“ – ორი უმაღლესი პრიზი სპეციალისტებისგან – „ოქროს სპილო“ და მაყურებლებისგან – ვერცხლის მედალი (1979). 1957–87 იყო ჟურნ. „ნიანგის“ მთ. მხატვარი. 1987 ჩამოაყალიბა სარეკლამო-საგამომცემლო ფირმა „ბენეფისი“, რ-საც ხელმძღვანელობდა 2008-მდე. XX ს. 90-იან წლებში (ბ. მალაზონიასთან ერთად) იყო ქართული ლარის, პასპორტის, პირადობის მოწმობის, ქართული თეთრის (რევერსი) დიზაინის ავტორი. მ-ს ნაწარმოებები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში.
თ. გერსამია