მალარიის კოღო

მალარიის კოღო

მალარიის კოღო, ანოფელესი (Anopheles), მწერების გვარი ორფრთიანთა რიგისა. არის მალარიის გამომწვევი პარაზიტების – პლაზმოდიუმების გადამტანი. დედალ მ. კ-ს აქვს მჩხვლეტავ-მწუწნავი ტიპის პირის აპარატი, მამალს – მხოლოდ მწუწნავი, ამიტომ სისხლის ამოწოვა მხოლოდ დედალ კოღოს შეუძლია, მამალი კი უმთავრესად მცენარეული წვენით იკვებება. დედალი კოღო თავს ესხმის ადამიანს და კბენის დროს პლაზმოდიუმები ავადმყოფიდან ჯანსაღ ორგანიზმში გადააქვს. მ. კ. წყალში დებს კვერცხებს. გამოჩეკილი მატლი რამდენჯერმე იცვლის კანს და წყალშივე ჭუპრდება. ზრდასრულ ფაზას დიაპაუზა ახასიათებს. მ. კ. ევრითერმული მწერია, მისი მატლები ვითარდება ტემპ-რის ფართო მერყეობის პირობებში. მსოფლიოში ცნობილია მ. კ-ს 300-მდე სახეობა, საქართველოში გვხვდება 5 სახეობა, მ. შ. A. maculipennis-ი და A. cuperpistus-ი წარსულში პლაზმოდიუმის მთავარ გადამტანებად ითვლებოდნენ.

საქართველოში უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი მ. კ. (A. maculipennis), რ-იც ისეთ ადგილებში გვხვდება, სადაც მისთვის ხელსაყრელი პირობებია დროებითი ან მუდმივი წყალსატევების სახით.

მ. კ-ს საწინააღმდეგო ღონისძიებებია დამდგარი წყლის, ჭაობების ამოშრობა, ათვისება და სხვა ჰიდროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება. ამის კლასიკური მაგალითია კოლხეთის დაბლობის დიდ ნაწილზე ჭაობის ამოშრობა და ათვისება. მ. კ-ს მატლებისა და ჭუპრების გასანადგურებლად კი გამოიყენეს თევზი გამბუზია, რ-მაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მალარიის პრევენციაში საქართველოში.

ე. აბაშიძე