მალარმე სტეფან

ს. მალარმე

მალარმე (Mallarme) სტეფან (18. III. 1842, პარიზი, – 9. IX. 1898, ვალენი, სენისა და მარნის დეპარტამენტი), ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის თვალსაჩინო თეორეტიკოსი და წარმომადგენელი. ლიტ. ასპარეზზე 1862 გამოვიდა. მ-ს შემოქმედებისთვის დამახასიათებელია მოვლენათა იმპრესიონისტული აღქმა, პოეტური სახის სიმბოლისტური სტრუქტურა, არსებული სინამდვილისადმი შეურიგებლობა (ლექსები: „გაზაფხულის მობრუნება“, 1862; „ფანჯრები“, 1863; „ლაჟვარდი“, „ყვავილები“; ორივე 1864 და სხვ.). მ. არის ასევე პოემების („ჰეროდიადა“, 1867–69; „პროზა დეზერენტისათვის“, 1885 და სხვ.), სტატიების („ლიტერატურის განვითარების თაობაზე“, 1891; „ლექსების კრიზისი“, 1895; „პოეზიის საიდუმლოება“, 1896 და სხვ.), ესეების ავტორი.

მ-ს პოეზიას საქართველოში XX ს. დასაწყისშივე იცნობდნენ. მისმა შემოქმედებამ თავისებური გავლენა იქონია გ. ტაბიძეზე, „ცისფერყანწელებზე“. ჟურნ. „ცისფერ ყანწებში“ ტ. ტაბიძე წერდა, რომ ევროპული ფუტურიზმი მ-ს საქმის გამგრძელებელი იყო, ხოლო ლექსში „ავტოპორტრეტი“ არ ფარავდა თავის გატაცებას მისი პოეზიით. აღფრთოვანებით მოიხსენიებს მ-ს პ. იაშვილი თავისი ტრიპტიქის პირველ ლექსში „მალარმე“. მ-ს ლექსებს თარგმნიდნენ შ. აფხაიძე, ვ. გაფრინდაშვილი, კ. ნადირაძე, ს. ცირეკიძე. 1919 ქუთაისში „მეოცნებე ნიამორებში“ გამოქვეყნდა მ-ს ლექსები და პროზაული ნაწარმოებები.

ლიტ.: ბუაჩიძე გ., წახნაგები, თბ., 1983; გაფრინდაშვილი ვ., სტეფან მალარმე, „მეოცნებე ნიამორები“, 1919, №2; თარხნიშვილი ნ., სტეფან მალარმეს ესეები ქართული სიტყვის წიაღში, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 2008, №11; რობაქიძე გრ., მალლარმე და ნოვალისი, „საქართველო“, 1920, №105; ქართულ-ფრანგული ანთოლოგია, შემდგ. ზ. მეძველია, თბ., 2004.

ნ. თარგამაძე