მალაქია II გურიელი, გურიის მთავარი 1684–85 და 1689, ქაიხოსრო I გურიელის ძე. 1658–84 იყო შემოქმედის, შემდეგ ჯუმათ-შემოქმედის ეპისკოპოსი. გურიის მთავრად დასვა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ. 1685 ტახტიდან ჩამოაგდო ძმისწულმა – ქაიხოსრო II გურიელმა. მ. II გ. ახალციხის ფაშასთან გაიქცა. ფაშამ იგი გურიაში დააბრუნა, ხოლო ქაიხოსრო II-ს ფიცი დაადებინა, რომ მ. II გ-ს არაფერს ავნებდა. ქაიხოსრომ ფიცი გატეხა და მ. II გ. დააბრმავა. 1689 მ. II გ. ახალციხის ფაშის დახმარებით კვლავ დაეუფლა სამთავრო ტახტს, მაგრამ მისი მართვა ვერ შეძლო და გურიის ფეოდალებმა იმავე წელს მთავრად მისი ძმისწული, მამია III მიიწვიეს. ახალმა მთავარმა მ. II გ. კვლავ შემოქმედის ეპისკოპოსად დასვა.
ქ. ჩხატარაიშვილი