მალთაყვის ბრძოლა 1809, რუს-ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ ფოთის გასათავისუფლებლად. რუს. სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფოთის ოსმალთაგან გათავისუფლებას და ყველა ხერხით ცდილობდა ამის მიღწევას. ფოთის ციხის კომენდანტთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ მათ ციხის ძალით აღება გადაწყვიტეს. 12 აგვ. რუს. ჯარი სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების ლაშქართან ერთად ფოთისაკენ დაიძრა. ჯარის ერთი ნაწილი მდ. რიონის მარცხ. მხარეს გადავიდა და ციხიდან დაახლ. 3 კმ-ზე დადგა, ნაწილი მდინარის ქვემო წელზე დაეშვა. მდინარის მარჯვ. მხარეს ქვემეხები დადგეს. 13 აგვ., არტილერიის ცეცხლის შემდეგ, თურქებმა გამაგრებული ადგილი დატოვეს და ციხეს მიაშურეს. მათ გარნიზონს 3 მხრიდან შემოარტყეს ალყა, ცეცხლმა მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, მაგრამ შეტევა შეყოვნდა საომარი მასალის სიმცირის გამო. ოქტ. II ნახ-ში თურქთა გარნიზონის დასახმარებლად ქ. ფოთს მიუახლოვდა ტრაპიზონის სერასკირი 9 ათ. ჯარისკაცით. რუს. სარდლობამ მოახერხა გურიის მთავრის მამია V გურიელის თავის მხარეს გადაბირება. 2 ნოემბ. არტილ. ცეცხლის საფარით სამეგრელოსა და აფხ. ლაშქრის ნაწილები მდ. მალთაყვისაკენ დაიძრნენ; გურიის სამთავროს ლაშქარმა გრიგოლეთიდან მოულოდნელად შეუტია მტერს. თურქები ზღვით გაქცევას შეეცადნენ. მათგან მრავალი წყალში დაიხრჩო, ნაწილი ტყესა და ჭაობში გაიფანტა. მტერმა 1500 კაცი დაკარგა, 280-მდე ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ გარნიზონი იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, რ-საც 15 ნოემბერს რუს-ქართველთა ჯარი დაეუფლა; 1812 წ. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთი იძულებული გახდა ციხე ისევ თურქებისათვის დაეთმო.
წყარო: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; Дубровин Н., История войны и владычества русских на Кавказе, т. 5, СПб., 1887.
გ. ნარსია