მალი (არაბ. – დოვლათი, ქონება, სიმდიდრე), ფეოდალიზმის ეპოქის სამხრ. კავკასიაში, შუა აზიაში, ირანში, ახლო და შუა აღმ-ის სხვა ქვეყნებში: 1. ქონება, ძირითადად მოძრავი (მულქისგან განსხვავებით); 2. ფული; 3. საქონელი; 4. ფულადი გადასახადი, მოგვიანებით – ყოველგვარი გადასახადი. XIII–XIV სს-ში – მ. იყო მონღოლური 14 გადასახადიდან ერთ-ერთი მძიმე სახ.-სამ. გადასახადი XV ს-იდან – ფულადი სახელმწ. გადასახადი კომლზე 40 თეთრის (ვერცხლის ფული) ოდენობით. 1440 ალექსანდრე I-მა მ. „ამოკვეთა“, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში მისმა შთამომავლებმა კვლავ აღადგინეს. თბილისში მ-ით იბეგრებოდა კომლის სრულასაკოვანი მამაკაცი. ცოლშვილიანები იხდიდნენ „მთელ მალს“, უცოლოები და ახლად დაქორწინებულები (ქორწინების პირველ წელს) – „ნახევარ მალს“, კომლის შრომის უუნარო მოხუცი მამაკაცები მ-ის გადასახადისგან თავისუფლდებოდნენ. XIX ს. 30-იანი წლებიდან თბილისში მ., როგორც დამოუკიდებელი ფულადი გადასახადი, აღარ არსებობდა. იგი მახტას შეუერთდა. XV–XIX სს. მ. ირანულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ოფიც. დოკუმენტებში მალ-უ-ჯიჰადი – საადგილმამულო გამოსაღები, რენტა-გადასახადი (არაბ. ხარაჯის სინონიმი) იყო. აზერბ. და სომხ. სახანოებში XVIII ს. II ნახ-იდან XIX ს. I ნახ-მდე მ. იყო ნატურალური რენტა-გადასახადი, რ-ის რაოდენობა განისაზღვრებოდა მოსავლის 1/10, 1/5 ან 1/3-ით.
გ. ძიძიგური