მალიგორად გაყოფა (მალიგორა – თანაშეზომით, თანაბრად; ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ლექსიკონი), სამართლის ისტორიული ტერმინი. მ. გ. ნიშნავდა გარდაცვლილი პირის ვალაუვალობისას მისი კრედიტორების დაკმაყოფილებას ქონებისა და ვალების თანაფარდობის მიხედვით. მოვალის ქონების მ. გ-ით კრედიტორების დაკმაყოფილება ხდებოდა გარდაცვლილი მოვალის ქონების პროპორციის მიხედვით მის ვალებთან. ვალი მოვალის მემკვიდრეების ქონებაზე არ გადადიოდა. თუ ვალების გადასახდელად, მოვალის ქონება საკმარისი არ აღმოჩნდებოდა ვალის ნაწილი აუნაზღაურებელი რჩებოდა.
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ერთ-ერთი წიგნის 137–138-ე მუხლებით დადგენილი იყო მოვალის გარდაცვალებისას ქონების მ. გ-ის წესი: „137. თუ კაცი ამოვარდეს და აღარა დარჩეს რა, რაც საქონელი დარჩეს, მალიგორად უნდა, – რამდენიც მოვალე იყოს, ისრე გაიყონ. რა გინდ იმათი ბევრი ემართოს, რაც დარჩომია, ის არის ... “. „138. თუ ქალს მეტი არა დარჩეს რა და საქონელიც დარჩეს, ცოტა რამე სარჩო იმ ქალს უნდა მისცენ და სხვა მოვალეებს მალიგორად გაუყონ. მაგრამ თუ საქონელი არა დარჩა რა, ქალს არა ეთხოება რა. თუ საქონელი და ნასყიდი რამ დარჩა, მოვალეს იქიდამ მიეცემის, თორემ სამკუიდრო მამულიდან ბატონი არ მისცემს“.
მ. გ-ის მნიშვნელობით ასევე გამოიყენებოდა ჰაღის გორად გაყოფა. თბილ. ისტორიის დოკუმენტების კრებულში შეტანილია 1767 წ. 20 ივნისის „ნასყიდობის წიგნი“ („სუთინანთ ხეჩატურას ჯალაბ მარიამისაგან ყუზანანთ მოსესა შვილ მათეოზისადმი“). ამ დოკუმენტის მიხედვით, მოვალის გარდაცვალების შემდეგ კრედიტორებს წარუდგენიათ მოთხოვნები მოვალის ოჯახის წევრების მიმართ. ვალების გადახდის მიზნით, ოჯახის წევრებს გაუყიდიათ მოვალის სახლები. დოკუმენტი შეიცავს ვალების ჩამონათვალს, რაც აჭარბებს ნასყიდობის ფასს, ამიტომ მითითებულია კრედიტორებს შორის ფულის ჰაღის გორად განაწილების წესზე („რაც ამის ქვევით ვალები სწერია, ყველამ თავისი ჰაღის გორათ აიღოს“).
ი. უჯმაჯურიძე