მალიქ-შაჰი, მელიქ-შაჰი (16. VIII. 1055 – 19. XI. 1092), დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს მესამე სულთანი (1072–92), ალფ-არსლანის ვაჟი. მისი მმართველობის დროს დიდ სელჩუკთა იმპერიამ ძლიერების ზენიტს მიაღწია. სახელმწიფოს საზღვრები გაფართოვდა, განმტკიცდა სელჩუკთა ბატონობა სამხრ. კავკასიაში. მ.-შ. სახელმწიფოს მართავდა თავისი ვეზირის, ნიზამ ალ-მულქის მეშვეობით. მის დროს გატარდა სამხედრო, სასამართლო და კალენდრის („მელიქის წელთაღრიცხვა“) რეფორმები, განმტკიცდა ცენტრ. ხელისუფლება, ფართოდ გაიშალა მეჩეთებისა და მედრესების მშენებლობა, აშენდა ცნობილი ნიზამიას მეჩეთი ბაღდადში. ნიზამ ალ-მულქი ცდილობდა, თურქული მომთაბარე ტომების ყურადღება წარემართა ბიზანტიისა და კავკასიის მიმართულებით. ამ პოლიტიკის უშუალო შედეგი იყო ბიზანტიის აღმ. პროვინციების დაპყრობა, შემდეგ – მ.-შ-ის ლაშქრობები საქართვ. წინააღმდეგ. თურქ-სელჩუკთა თარეშმა საქართველოში განსაკუთრებით საშიში ხასიათი მიიღო XI ს. 80-იანი წლების დამდეგს და ის „დიდი თურქობის“ სახელითაა ცნობილი. მეფე გიორგი II (1072–89) იძულებული გახდა ისპაანში ხლებოდა მ.-შ-ს (სავარაუდოდ 1081–82) და ხარკის გადახდის პირობით მორჩილება გამოეცხადებინა მისთვის. სამაგიეროდ მ.-შ-მა „ყოველი სათხოვნელი აღუსრულა მეფესა გიორგის… და სამეფო მისი განათავისუფლა ზედამარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი... ესრე განდიდებით და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თჳსად სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი დიდნი“. ამის მიუხედავად გიორგი II-მ ვერ შეძლო კახეთისა და ჰერეთის შემოერთება.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; შენგელია ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ნ. შენგელია