მალიშევა ტატიანა კაზიმირის ასული (დ. 27. V. 1932, თბილისი), საქართველოში მოღვაწე რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1979). 1955 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (ე. ენოხოვიჩის კლასი, ვოკალი). 1953-იდან, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შეასრულა მეცო-სოპრანოს მრავალი პარტია, მ.შ. ნანო (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), დარეჯანი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), კარმენი (ჟ. ბიზეს „კარმენი“), მადალენა, ამნერისი, აზუჩენა (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „აიდა“, „ტრუბადური“), ჟანა დ‘არკი, პოლინა, გრაფინია, ოლგა (პ. ჩაიკოვსკის „ორლეანელი ქალწული“, „პიკის ქალი“, „ევგენი ონეგინი“), ლიუბაშა (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), ფროსია (ს. პროკოფიევის „სიმიონ კოტკო“) და სხვ. არაერთხელ იყო მიწვეული მოსკ. დიდი თეატრის სცენაზე. ჰქონდა მდიდარი რეპერტუარი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
ლიტ.: გაბიჩვაძე რ., საინტერესო დებიუტი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1973, № 9; ზურაბიშვილი ა., ტ. მალიშევას საინტერესო სახეები, იქვე, 1970, №10; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015.