მამადაანები

მამადაანები (ყოფ. კაკმეთი), სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თიანეთის მუნიციპალიტეტში (დაბა თიანეთის თემი), მდ. ივრის მარჯვ. ნაპირას, ზ. დ. 1160 მ. თიანეთიდან 5 კმ. 51 მცხ. (2014).

მ. კაკამეთის სახელწოდებით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. წერილობით წყაროებში კაკმეთი 1637-იდან გვხვდება როდესაც ერეკლე ბატონიშვილმა იგი ლევან ავალიშვილს უბოძა. 1693 კახეთის ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა აბაზული-ხანმა კაკამეთი თუშ მოურავ მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცეს დურმიშხანსა და მათ შვილებს უბოძა. XVIII ს-იდან სოფლის ნაწილი თავადთა საკუთრება გახდა. 1700 სოფლის მოსახლეობაზე ზეგავლენას სხდენდნენ ჩოლოყაშვილები, ამ დროს სვეტიცხოველის მონასტერს ყმა-მამულში ეცილებოდა ალავერდელი ნიკოლოზ (ამბა) ჩილოყაშვილი.

მ. შემგარენში რამდენიმე ეკლესიაა. რ-თაგან ყურადღებას იმსახურებს სოფლის ჩრდ-ით დაახლ. 1 კმ-ზე მდგარი დარბაზული ეკლესია. არქიტექტურული ნაშთებით იგი XIII სს-ით თარიღდება. ეკლესია გარედან შირიმის ნათალი ქვითაა მოპირკეთებული. საინტერესოდაა გადაწყვეტილი დას. ფასადი ღერძზე განიერ თაღოვან შესასვლელს შეწყვილებული ლილვი ევლება და ვიწრო ნახევარსვეტებითა და მათზე დაყრდნობილი თაღით გამოყვანილ ჩარჩოშია ჩასმული. შეწყვილებული ლილვი ევლება კარის ზემოთ მდებარე სარტყელსაც. ამ უკანასკნელის თავზე წყობაში ჩასმულია მოზრდილი ქვა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით ეკლესიას სამხრ-იდან და ჩრდ-იდან აფსიდიანი მინაშენები ეკვრის.

ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რ-ის პროფილს თარო. შეზნექილი მრუდე ზედაპირი დალილვი შეადგენს. სოფლის ჩრდ.-დას-ით, დაახლ. 700 მ-ზე დგას მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია, რ-იც ნიშნებით გვიანდ. შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიასთან ახლოს მისივე თანადროული ორსართულიანი სამრეკლოა, რ-იც იმ პერიოდის სამრეკლოთაგან ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშად უნდა ჩაითვალოს.

ლიტ.: ბედოშვილი გ., ერწო-თიანეთის ტოპონომიკა, თბ., 1980; იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თ. ენუქიძის და გ. ბედოშვილის გამოც., თბ., 1986; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 2–3 თბ., 1965–70.