მამადავითის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს თბილისში, მამადავითის მთის (მთაწმინდა) კლდოვანი კალთის ძირში, ხელოვნურ ტერასაზე. გადმოცემით აქ, ჯერ კიდევ უსახელო კლდეზე, დამკვიდრდა მამა დავითი (იხ. დავით გარეჯელი), ერთი ე. წ. 13 ასურელი მამათაგანი, რ-ებიც VI ს. ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად. მამა დავითს აქ სენაკი გამოუქვაბავს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც აუგია. სწორედ მას უკავშირდება უსახელო მთის ერთ-ერთი სახელწოდება – „მამადავითის მთა“. IX–X სს-ში მთას მთაწმინდა უწოდეს, ქრისტ. რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის (ბერძნ. აიონ ოროსი – წმინდა მთა) მიხედვით. IX ს-ში აქ ივერიის ღვთისმშობლის პატარა ეკლესია იდგა. მის ადგილას 1542 წმ. დავითის მონასტერი ააშენეს. XVIII ს-თვის მონასტერი მიტოვებული და დაცარიელებული იყო (ვახუშტი ბატონიშვილი). 1810 ამავე ადგილზე აუშენებიათ მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია, რ-ის გვერდით 1859 წ. 4 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა ახლანდ. მ. ე-ს. 1871 წ. 24 სექტემბერს ჯერ კიდევ დაუმთავრებული (მას ხის გუმბათი ჰქონდა) ეკლესია აკურთხეს. მშენებლობა (გუმბათიანად) 1879 დასრულდა (მის გვერდით მდებარე ფერისცვალების ეკლესია აიღეს ახალი ეკლესიის სამრეკლოს მშენებლობასთან დაკავშირებით 1896–99 წწ-ში). მ. ე-ის არქიტექტურაში იგრძნობა ქართ. საეკლ. ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ტრად. არქიტ. ფორმების გათვალისწინების მცდელობა (გუმბათის ყელი და მისი პირამიდისებრი სახურავი, გვერდის ფასადთა შუა – ფრონტონიანი – ნაწილები). ამჟამად ეკლესიის გვერდით ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (გაიხსნა 1929) მდებარეობს.
ლიტ.: გერსამია თ., ძველი თბილისი, თბ., 1984; თბილისი, თბ., 2002; ქუთათელაძე მ., თბილისის გარშემო, ტ. 1, თბ., 2010; Иоселиани П., Святая гора (в Тифлисе), Тф., 1858.
თ. გერსამია