მამადავითობა

მამადავითობა, მთაწმინდობა, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაული. იმართება ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს (მოძრავია). დავითგარეჯის ლავრის დაარსებამდე მამა დავითმა მთაწმინდის მთის ფერდობზე დაარსა სამლოცველო, რ-იც დღესაც მის სახელს ატარებს. დავით გარეჯელის ცხოვრებაში არაერთი ლეგენდარული თუ ფოლკლორული ამბავია აღწერილი. გარდა ქართ. ეკლესიის გამორჩეული წმინდანობისა და საეკლ. მოღვაწეობისა, შეიქმნა დავით გარეჯელის ხალხ. კულტიც, რ-მაც ზოგი რამ შეითვისა არქაული რწმენა-წარმოდგენებიდან, კერძოდ, იგი „მინდვრის ყარაულად და წმ. ელიას ძმადააა“ მიჩნეული და მას სწორედ მინდვრის დაცვას ევედრებიან. მასში აშკარად შეინიშნება ნაყოფიერებისა და სქესთა ურთიერთობის (შვილოსნობის) კულტის ნიშნები. დღესასწაულზე მლოცველი ქალები ჭარბობდნენ მამაკაცებს, რადგან, გადმოცემის თანახმად, ეკლესიასთან ახლოს მამა დავითის ლოცვით აღმოცენებული წყარო უშვილო ქალებს შვილოსნობას ანიჭებდა. ქალები აღთქმას დებდნენ და აღდგომის შემდგომი ხუთშაბათიდან მ-მდე, ყოველი ხუთშაბათი, დილადრიან ფეხშიშველა მოუყვებოდნენ მთაწმინდის აღმართს სასწაულმოქმედი წყაროსკენ. დღესასწაულზე კი შინ დამზადებულ ბამბის ძაფებს სამჯერ ავლებდნენ ტაძარს გარშემო შვილოსნობის თხოვნით. ზოგჯერ კენჭს მიადებდნენ ტაძრის კედელს და თუ ქვა კედელს მიეკვროდა, მათი თხოვნა შესმენილი იქნებოდა. დღესასწაულზე ასევე არსებობდა ბავშვის „ბერად დაყენების“ წესიც. ოჯახს, რ-საც ბავშვი ხშირად ეღუპებოდა, მამა დავითის ეკლესიაში სხვა შვილი თმაგაუკრეჭავი და ტანზე მუდმივად თეთრად შემოსილი დაჰყავდათ. აღთქმული დროის გასვლის შემდეგ, ბავშვი ეკლესიამდე ფეხშიშველი აჰყავდათ, მღვდელი თმას მოაჭრიდა, ფერად ტანსაცმელს ჩააცვამდა და დალოცავდა. სწამდათ რომ ასეთი ბავშვი მამა დავითის მფარველობით დღეგრძელი და დაცული იქნებოდა. მ-ის დღესასწაულზე თავს იყრიდნენ მლოცველები არა მარტო თბილისიდან, არამედ აღმ. საქართვ. სხვადასხვა კუთხიდანაც, იმართებოდა ლხინი, ღამისთევით („ღამედგომით“) და სწირავდნენ საკლავს; იკურთხებოდა ყვავილები და მწვანე ბალახი. წირვა-ლოცვის შემდეგ იწყებოდა დიდი სეირნობა, ისმოდა საზანდრის, დუდუკისა და დაირის ხმა. იმართებოდა „თამაშა“ – ჭიდაობა, დოღი, ჯირითი, მუშტი-კრივი. მამა დავითს მაჰმადიანებიც სცემდნენ თაყვანს „შეიხ სენანის სახელით“, დღესასწაული დღესაც იმართება შეცვლილი ტრადიციებით.

ლიტ.: კეკელიძე კ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 1, თბ., 1956; მთაწმინდობა, გაზ. „ივერია“, №115; საბინინი მ., საქართველოს სამოთხე, სპბ, 1882; Иоселиани П., Гора св. Давида в Тифлисе, Тфл., 1858.

ზ. ეკალაძე