მამათელაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე (22. IV. 1915, სოფ. ჩუმლაყი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 27. V. 1983, თბილისი), ვეტერინარი ექიმი, პათოლოგანატომი. ვეტ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1967), მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1938 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტის ვეტ. ფაკ-ტი. 1941–46 ხელმძღვანელობდა ამავე ინ-ტის პათოლ. ანატომიის ლაბორატორიას. 1946–83 იყო კათედრის გამგე, 1956–59 – საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტის დირექტორი, 1959–75 – საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ-ტის რექტორი, 1960–82 – ვეტ. პათანატომთა საკავშ. სამეცნ. საზ-ბის წევრი. არჩეული იყო საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს და თბილ. საქალაქო საბჭოს დეპუტატად.
მ. ქართ. ვეტ. პათოლოგური ანატომიის მეცნ. და პედ. სკოლის ფუძემდებელია. მან ჩაატარა კვლევები საქართველოში სავეტერინარო პათოლ. მორფოლოგიის მიმართულებით. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: კამეჩების ბრუცელოზი, თბ., 1974; სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პათოლოგოანატომიური გაკვეთის ტექნიკა, თბ., 1982.
ლ. მაკარაძე