მამალაძე გიორგი ტარასის ძე [(25. XII. 1895, თბილისი, – 1940, კატინი, სსრკ (ახლანდ. რფ)], სამხედრო მოღვაწე. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პოლონეთის ეროვნ. არმიის მაიორი. დაამთავრა თბილ. გიმნაზია და სამხ. სასწავლებელი, 1918–21 მსახურობდა საქართვ. დემოკრ. რესპ. სახალხო გვარდიაში. იყო 1921 თებ. კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებისა და 1921 მარტის ბათუმის ომის აქტ. მონაწილე. საქართვ. ოკუპაციის შემდეგ, 1921 მარტიდან, ემიგრაციაში წავიდა. დაამთავრა ვარშავის სამხ. აკადემია. მსახურობდა პოლონეთის ეროვნ. არმიაში. იყო ბატალიონის მეთაური და დივიზიის შტაბის უფროსი. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ (1939) იყო პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტ. მონაწილე. 1940, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ ათასობით პოლონელ მებრძოლთან ერთად, დახვრიტეს კატინის ტყეში.
დაჯილდოებულია პოლონ. უმაღლესი ორდენით – „ვირტუტი მილიტარი“.
ლ. ურუშაძე