მამალაძე იორამ არსენის ძე (15. XII. 1911, ზესტაფონი, – 4. VII. 1966, თბილისი), ფერმწერი, პეიზაჟისტი. საქართვ. დამს. მხატვარი (1957). 1926–28 სწავლობდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში, 1928–32 – თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილისა და ე. ლანსერეს მოწაფე. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო (1940–45) და სამხატვრო-სამრეწველო (1945–48) სასწავლებლებში, თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1959–66). მონაწილეობას იღებდა გამოფენებში. აკვარელისა და ზეთის საღებავებით ხატავდა საქართვ. სხვადასხვა კუთხის პეიზაჟებს. ყურადღებას უთმობდა „ინდუსტრიულ პეიზაჟსაც“. მისი ძირითადი ნამუშევრებია: „ფერომანგანუმის ქარხანა“ (1937), „პიონერები იმერეთის სოფელში“ (1947, ორივე დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა). და სხვ. მ. ფერწერისა და პერსპექტივის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.