მამამთავრიშვილი ირაკლი დავითის ძე (26. VIII. 1940, თბილისი, – 18. VI. 2016, იქვე), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (2006), კავკასიის ხალხთა სამეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2002).
1964 დაამთავრა თსსი. 1964–67 იყო ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) რ-ნული საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1969 მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უმცროსი, შემდეგ უფრ. (1972–73) მეცნიერი მუშაკი; 1973–77 – სამედ. სისტემოტექნიკის ლაბორ. ხელმძღვანელი; 1977–79 – გურჯაანის სამშობიარო სახლის მთ. ექიმი; 1979–89 – კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, შემდეგ – ინ-ტის სწავლული მდივანი, გამგე; 1989–2006 – ორსულთა პათოლოგიის განყ-ბის გამგე; 2006-იდან – რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსის“ გენ. დირექტორის მოადგილე.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიების, გამოგონების და რაციონალიზატორული წინადადებების ავტორი, რ-ებიც ეხება დედისა და ნაყოფის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის პრობლემებს, საშვილოსნოს კუმშვადი აქტივობის რეგულაციის მექანიზმებს, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხებს.
თხზ.: სისხლდენა მეანობაში, სახელმძღვანელო, თბ., 2000 (თანაავტ.: პ. კინტრაია, გ. გოცაძე).