მამასახლისი, სახლის, გვარის ან თემის მეთაური. პირველყოფილი თემური წყობილების დროს მ. გვარის უხუცესი იყო. გვაროვნული წყობილების ელემენტები, მისი გადმონაშთები მამასახლისობის ინ-ტმა გვიანდ. ფეოდ. პერიოდშიც შეინარჩუნა. სოფლის მ. უმრავლეს შემთხვევაში გლეხთა წრეს ეკუთვნოდა. იგი იყო ადმ. ფუნქციების მქონე დაბალი რანგის მოხელე, რ-საც ევალებოდა სოფლისათვის ეცნობებინა ცენტრ. ორგანოების ბრძანება-განკარგულებანი, გაერჩია სისხლისა და სამოქალაქო სამართ. შედარებით მარტივი საქმეები, დახმარებოდა სათანადო მოხელეებს გადასახადების გაწერა-აკრეფაში და სხვ. გლეხები მ-ის სასარგებლოდ გადასახადს იხდიდნენ, თვით მ. კი გადასახადებისაგან თავისუფალი იყო. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, სახასო მამულებში მ-ს მეფე ნიშნავდა. თავიანთი მ-ები ჰყავდათ აგრეთვე მსხვილ ფეოდალებს. ქალაქის მ-ს მოურავთან, მელიქსა და ნაცვალთან ერთად ბაზრის, ვაჭრობის საქმეები ექვემდებარებოდა; იგი ახორციელებდა ადმ. ფუნქციებს ქალაქის მოსახლეობის მიმართ, მონაწილეობდა სასამართლო საქმეების გარჩევაში და სხვ. თბილ. მ-ისა და მელიქის სახელოები XVIII ს-ში ერთი პირის ხელში გაერთიანდა.
მ. ერქვა აგრეთვე სამონასტრო ძმობის უფროსს, წინამძღვარს. სას. დაწესებულებათა მ-ებს, გარდა სარწმუნოებრივი საკითხებისა, ყოველგვარი ადმ. და სამეურნეო ხასიათის საქმეებიც ეხებოდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში რევოლუციამდელ საქართველოში მ., რუს. „სტაროსტის` კვალად, არჩევითი მოხელე იყო და სოფლად ასრულებდა ადმ.-პოლიც. მოვალეობებს.
მ. ეწოდება აგრეთვე არჩეულ ან დანიშნულ პირს, რ-იც ხელმძღვანელობდა რომელიმე მცირე კოლექტივის საქმეებს (მაგ., კლასის მ., ჯგუფის მ.).
ლიტ.: თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; სურგულაძე ი., მამასახლისობის ინსტიტუტის შესახებ, „მაცნე. ისტ., არქეოლ, ეთნოგრ და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 1972, № 4; მისივე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952; შანიძე ა., მამასახლისი XI საუკუნის საქართველოში, „მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია“, 1971, № 1; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6, თბ., 1982, ტ .7, თბ., 1984.
ი. სურგულაძე