მამაცაშვილი კონსტანტინე ქაიხოსროს (ქრისტეფორე) ძე (25. XI. 1818, სოფ. რუისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 30. X. 1900, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ადიუტანტი (1871), საზოგადო მოღვაწე. 1837 დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი, იმავე წლიდან მსახურობდა კავკ. გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. იყო კავკასიის, ყირიმის (1853–56), რუს.-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე, ჩოლოქის ბრძოლის (1854) გმირი. კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მეთაური (1856). გენ.-ლეიტენანტი (1869-იდან). ამავე წელს დაინიშნა კავკასიის არმიის არტილერიის სარდლის თანაშემწედ. 1877-იდან იყო განჯის გუბერნატორი და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარის უფროსი. 1884-იდან თადარიგში გავიდა. დ. ყიფიანთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა სათავადაზნაურო ბანკის დაარსებასა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ჩამოყალიბებაში, იყო სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე