„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლა, პოლემიკა იდეურ-მსოფლმხედველობრივ, ლიტერატურულ და ენობრივ საკითხებზე მწერალთა და ლიტერატორთა ძველ და ახალ თაობებს შორის XIX ს. 60–70-იან წლებში. პოლემიკის საბაბი გახდა ი. ჭავჭავაძის ლიტ.-კრიტ. წერილი „ორიოდე სიტყვა თ. რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, 1861, №4). რ. ერისთავისეული თარგმანი („ცისკარი“, 1860, №4) და პოემაც ი. ჭავჭავაძემ მძაფრად გააკრიტიკა. ამ წერილით მან განსაზღვრა ქართ. ლიტ-რისა და სალიტ. ენის შემდგომი განვითარების გზა.
ი. ჭავჭავაძის შეფასებით, ი. კოზლოვი „კარამზინის სკოლის“, ანუ სენტიმენტალიზმის, წარმომადგენელი, უმნიშვნელო მწერალი იყო, ხოლო „შეშლილი“ მის „ცუდ პოემებში უცუდესი“. პოემის ერისთავისეულ თარგმანს ილია კიდევ უფრო მკაცრ შეფასებას აძლევდა: „მისი თარგმანი ასეთი რამ არის, რომ შთამომავლობას უნდა გადასცეს კაცმა, რათა გამოუთქმელ სიცუდის მაგალითად სახეში ჰქონდეთ მომავალს მწერლებს. თარგმანი – როგორც თარგმანი ხომ არ ვარგა, ენა უფრო უვარგისი აქვს თავად ერისთავს“. ამავე წერილში განაცხადა ილიამ პირველად ქართული ანბანის ასო-ნიშნების უ¤, ჱ, ჲ, ჳ, ჴ შესახებ: „ეს ასოები არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში; თუ, ვინიცობაა, ეს ენის წინააღმდეგ მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავსცეთ პასუხი და გამოუცხადოთ, რა მიზეზითაც არა ვხმარობთ“.ილიას ამ წერილს უფროსი თაობის ლიტერატორთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მის საპასუხოდ „ცისკრის“ მომდევნო (მე-5) ნომერში დაიბეჭდა ბ. ჯორჯაძის წერილი „თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“, რ. ერისთავის „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა“ და გ. ბარათოვის (ბარათაშვილის) „წერილი რედაქტორთან“. ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს თვით ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებთა კრიტიკაზე; ამ მხრივ მათი ცალკეული ენობრივი შენიშვნები მართებულიც იყო, მაგრამ ამით ილიას ზოგად დებულებებს ვერავინ შეარყევდა.
ილიამ წერილში „პასუხი“ („ცისკარი“, 1861, № 6) კიდევ უფრო ნათლად და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა შეხედულებანი საზ. ცხოვრებაში ლიტ-რის, ხელოვნების როლისა და ადგილის, სალიტ. ენის ხალხურობის შესახებ, დაასაბუთა უფუნქციო ასოთა უკუგდების აუცილებლობა და სხვ.
ილიას „პასუხს“ „ცისკრის“ რედაქციამ ვრცელი შენიშვნები დაურთო, რითაც ჟურნალი აშკარად უფროს თაობას მიემხრო და დაუპირისპირდა „შვილებს“. ჟურნალის ამავე ნომერში გამოქვეყნდა ს. მესხიევის (მესხიშვილის) „უსტარი ანტიკრიტიკული“, მიმართული ი. ჭავჭავაძის წინააღმდეგ. ილიას არც ეს „უსტარი“ დაუტოვებია უპასუხოდ, მაგრამ მისი წერილი „სარდიონ მესხიევის კრიტიკის გამო“ თავის დროზე რატომღაც არ დაბეჭდილა. „ცისკარში“ (1861, №9) თავდაპირველად გამოქვეყნდა ბ. ჯორჯაძის „პასუხის პასუხი“, შემდეგ კი (1862, №2) – „წერილი რედაქტორთან“, რ-საც ხელს აწერდა „ზემოური იმერელი გორისელი წერეთელი ეფთვიმე“ (მწერალ გ. წერეთლის მამა). წერილმა განსაკუთრებით გააღიზიანა „შვილები“. მას სამი საპასუხო წერილი მოჰყვა: „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ეფთვიმე წერეთლისა“, „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“ (ორივე „ცისკარი“, 1862, №4) და „ახირებული ფურცელი“ („ცისკარი“, 1862, №5). პირველი ორი გამოქვეყნდა „თერგდალეულის“ ფსევდონიმით, მესამეს კი ხელს აწერდა „მესამე თერგდალეული“. პირველი წერილი ეკუთვნოდა კ. ლორთქიფანიძეს, მეორე – ს. აბაშიძეს, მესამე – ა. წერეთელს.
1863 წ. იანვრიდან გამოსვლა იწყო ახ. სალიტ. ჟურნალმა „საქართველოს მოამბემ“ (რედ. ი. ჭავჭავაძე), რ-იც, თავისთავად, „შვილების“ დიდი გამარჯვება იყო. „მამებს“ კამათი აღარ გაუგრძელებიათ.
„მამებსა“ და „შვილებს“ შორის უთანხმოებამ ახალი ძალით იფეთქა 1871. საქართველოში იმპერატორ ალექსანდრე II-ის ჩამოსვლის წინ თავადაზნაურობის ყრილობაზე საკამათოდ იქცა საკითხი, რა ეთხოვათ იმპერატორისათვის: სამხ. სასწავლებლის (კადეტთა კორპუსის) გახსნა, თუ უნ-ტის დაარსება თბილისში. „შვილების“ აქტიური მხარდაჭერით გაიმარჯვა უნ-ტის დაარსების იდეამ, მაგრამ იმდროინდელი გავლენიანი პირებისაგან შემდგარმა კომისიამ, მეფისნაცვალ ბარონ ნიკოლაისა და თავადაზნაურობის მარშალ რ. ანდრონიკაშვილის რჩევით, შეცვალა იმპერატორისათვის მისართმევი ადრესის პროექტი და, უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, კადეტთა კორპუსის გახსნა ითხოვა. ამან აღაშფოთა „თერგდალეულთა“ თაობა, განსაკუთრებით მათი ლიდერი – ი. ჭავჭავაძე. ამით იყო გამოწვეული მისი მწვავე პამფლეტები „გამოცანებისა“ და „კიდევ გამოცანების“ სახელწოდებით, რ-ებშიც გაკრიტიკებული იყვნენ მაღალჩინოსანი ქართვ. მოხელეები, მ. შ. რ. ანდრონიკაშვილი, გ. და ი. მუხრანბატონები, პ. იოსელიანი, გ. ორბელიანი და სხვ. ილიას „გამოცანების“ საპასუხოდ გ. ორბელიანმა დაწერა ლექსი „პასუხი შვილთა“, რ-საც მოჰყვა ილიას „პასუხის პასუხი“, აკაკის „ხარაბუზა ღენერალს“, „კოღობუზების პასუხი“, „პატრიოტის აღსარება“ და სხვ.
„მამებისა“ და „შვილების“ პოლემიკის შედეგი იყო ორთოგრაფიის გამარტივება და ე. წ. „ზედმეტი ასოების“ ამოღება ხმარებიდან ხალხურ მეტყველებაში გავრცელებული ლექსიკისა და გრამატ. ფორმების დანერგვა სალიტ. ენაში, საერთაშ. ტერმინების გავრცელება, ბარბარიზმების უკუგდება, სამი სტილის თეორიის დაგმობა და ა. შ. ამ ბრძოლის დევიზად იქცა „მამული, ენა, სარწმუნოება“.
ლიტ.: გაწერელია ა., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1948; ინგოროყვა პ., ილია ჭავჭავაძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1951; კალანდარიშვილი გ., XIX საუკუნის 70-იან წლებში „მამათა და შვილთა“ პოლემიკის ზნეობრივ-რელიგიური ასპექტები, წგ.: ილიას კრებული, ტ. 2, თბ., 2004; ნინიძე ქ., მამათა და შვილთა ოპოზიციის შინაარსი, წგ.: მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია, თბ., 2009; ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1974.
ზ. ჭუმბურიძე