მამედყულიზადე ჯალილ (ფსევდ. მოლა ნასრედინი) (22. II. 1866, ნახიჩევანი, – 4. I. 1932, ბაქო), აზერბაიჯანელი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ნახიჩევანში, შემდეგ დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია (1887). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. მ-ს პირველი მხატვრული თხზულებებია პიესა „ჩაის სერვიზი“ (1889) და მოთხრობების ციკლი „შემთხვევა სოფელ დანაბაშში“ (1894). 1903 ჩამოვიდა თბილისში. თანამშრომლობდა აზერბ. გაზ. „შარგი რუსსა“ და ამიერკავკ. ბოლშევიკთა პირველ ლეგალურ ორგანოში „კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკ“. 1906 თბილისში დააარსა სატირული ილუსტრირებული ჟურნ. „მოლა ნასრედინი“ (გამოდიოდა 1931-მდე ხანგამოშვებით). მას ეკუთვნის სოც. და საზ. კონფლიქტების ამსახველი ანტირელიგ. კომედია „მიცვალებულნი“ (1909), მოთხრობა „სკოლა სოფელ დანაბაშში“ (1921) და სხვ. 1920 წავიდა ემიგრაციაში (თავრიზში). ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.
თხზ.: Избр. произв., т. 1–2, Баку, 1966.
ლიტ.: Ибрагимов М., Джалил Мамедкулизаде, М., 1966.
გ. შაყულაშვილი