მამია V გურიელი (1790 – 20. XI. 1826), გურიის უკანასკნელი მთავარი 1809–26, სიმონ III გურიელის ძე. მამის გარდაცვალებისას სამი წლის იყო და რეგენტის უფლებით სამთავროს მისი ბიძა – ქაიხოსრო ბატონიშვილი განაგებდა. მ. V გ-ს არ უნდოდა გურია რუსეთის მფარველობაში შესულიყო როგორც იმერეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი. 1809 მან წერილობით მიმართა რუსეთს და მფარველობაში დამოუკიდებლად მიღება სთხოვა. 1810 წ. 19 ივნ. ხელშეკრულებით გურია ავტონ. უფლებებით რუს. იმპერიაში შევიდა. მ. V გ. ატარებდა ანტიოსმ. პოლიტიკას. რუსების რაზმებთან და დადიანთან ერთად მონაწილეობდა სოლომონ II-ის შეპყრობისა და იმერეთის სამეფოს გაუქმების სამხ. ოპერაციებში (1810). გარდაქმნა მმართველობის სისტემა, შემოიღო მკაცრი აღრიცხვიანობა, დააწესა ბაზრობა ნაგომარში, ხელს უწყობდა შინამრეწვ. განვითარებას, ევრ. წეს-ჩვეულებათა დანერგვას, ტექ. კულტურების (ინდიგო, რამი) გავრცელებას; დააარსა ქსენონი, წამოიწყო დიდი სამშენებლო სამუშაოები, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას. იმერეთის აჯანყების 1819–20 დროს რუსეთის მხარე დაიჭირა.
ლიტ.: გონიკიშვილი მ., იმერეთი XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1979; დუმბაძე მ., გურიის სამთავროს სოციალურ-ეკონომიური ვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ., 30; რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ), თბ., 1989.
ქ. ჩხატარაიშვილი