მამია III დადიანი (გ. 1533), ოდიშის ერისთავი 1512–33, ლიპარიტ II დადიანის ძე. 1533 იანვარში იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის თაოსნობით მ. III დ-მა გურიის ერისთავ მამია I გურიელთან ერთად ზღვით ჯიქეთში ილაშქრა. პირველ დღეს ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, მეორე დღეს მ. III დ-სა და მის ლაშქარს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ოდიშის ლაშქარმა ბრძოლის ველი დატოვა. ქართველები დამარცხდნენ. მ. III დ. მოწინააღმდეგეებმა ღალატით ჩაიგდეს ხელში და მოკლეს.
წყარო.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები), ჯ. ოდიშელის გამოც., თბ., 1968.
ლიტ.: მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ.), თბ., 1989; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
თ. ბერაძე