მამია IV დადიანი, ოდიშის მთავარი 1573–78 და 1582–90, ლევან I დადიანის ძე. 1573 გიორგი II გურიელის დახმარებით ტახტიდან გადააგდო თავისი ძმა გიორგი III დადიანი და ოდიშის მთავარი გახდა. 1578 იძულებული გახდა სამთავრო ძმისთვის დაეთმო და თვითონ საუფლისწულოთი დაკმაყოფილებულიყო. გიორგი III დადიანის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაეუფლა სამთავროს. 1583 მ. IV დ-მა ტახტიდან ჩამოაგდო გიორგი II გურიელი და მის ნაცვლად ვახტანგ გურიელი დასვა. 1587 დაეხმარა თავის სიძეს, იმერეთის მეფე ლევანს (1586–90) ტახტის მოცილე ბიძის, კონსტანტინეს განდევნაში; თუმცა 1588, ქართლის მეფე სიმონ I-ის იმერეთში ლაშქრობისას, მეფე არ დაეხმარა ლევანს, რის გამოც, მათ შორის მტრობა ჩამოვარდა. 1590 დაამარცხა მეფე ლევანი და დაატყვევა (იგი ტყვეობაში გარდაიცვალა). მ. IV. დ-ის დახმარებით იმერეთის ტახტი ლევანის ბიძაშვილმა როსტომმა (1590–1605) დაიკავა.
წყარო და ლიტ.: იხ. სტ-თან მამია III დადიანი.
თ. ბერაძე