მამიევი დიმიტრი ილიას ძე (2. VIII. 1909, სოფ. მამიანთუბანი, ცხინვალის მუნიციპალიტეტი, – 1983), ოსი მსახიობი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1954). სწავლობდა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) ცენტრ. თეატრ. ინ-ტში (1936–39). 1931-იდან იყო ცხინვალის ოსური დრამ. თეატრის მსახიობი, ხოლო 1947–51 – სამხატვრო ხელმძღვანელი. შესრულებული აქვს ყასაიას (ვ. ბრიტაევის „ხაზბი“), ბათრაძის (მ. შავლოხოვის „ნართ ბათრაძი“), შახმურადის (დ. თუაევის „ზღაპარი“), დიშოს (ს. შანშიაშვილის „არსენა“), ბერესტის (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), ჟერონტის (მოლიერის „ძალად ექიმი“) და სხვ. როლები. 1938–57 იყო სამხრ. ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.