მამიკონიანი ვარდან (388, ტარონი, – 26. V. 451, ავარაირის ველი, ვასპურაკანის პროვინცია), სომეხი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე.
მ-ის მამა იყო სომხეთის სპარაპეტი ამაზასპი, ხოლო დედა, სააკანუში – წმ. სააკ პართევ კათოლიკოსის ქალიშვილი. მ-ის შვილი იყო შუშანიკი. 432 მ. სომხ. სპარაპეტი გახდა. სომხეთის სხვა დიდებულებთან და ქართლის პიტიახშ არშუშასთან ერთად იგი გაიწვიეს ირანში და იძულებით მიაღებინეს სასანიანთა სახელმწ. რელიგია – ზოროასტრიზმი. სომხეთში დაბრუნების შემდეგ 450–451 სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. მან რამდენჯერმე დაამარცხა ირანელები და აჯანყებულთა ტანუტერად (მეთაური) აირჩიეს. დაიღუპა ავარაირის ბრძოლაში. მ. სომხეთის ეკლესიის მიერ აღიარებულია წმინდანად.
ლიტ.: მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, თბ, 1984; ჯანაშია ნ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962; Адонц Н. Г. Армения в эпоху Юстиниана. Ереван, 1971;Hewsen R. H. Armenia: a Historical Atlas. The University of Chicago Press, 2001; Toumanoff C., Studies in Christian Caucasian History, Georgtown University, Press, 1963.