მამისთვალიშვილი ელდარ მიხეილის ძე

მამისთვალიშვილი ელდარ მიხეილის ძე (დ. 27. VII. 1939, გორი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1985). დაამთავრა გორის სახელმწ. სასწავლო პედ. ინ-ტის ისტორია-ფილოლ. ფაკ-ტი (1961); 1972–73 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოლოგიის ინ-ტში, 1972-იდან – გორის სახელმწ. პედ. ინ-ტში (ახლანდ. გორის სახელმწ. სასწავლო უნ-ტი), 1986 იქვე იყო პედ. კათედრის გამგე; 1990-იდან – საქართვ. და მსოფლიო ისტ. კათედრის გამგე, 2010-იდან – ისტ. და არქეოლ. ცენტრის ხელმძღვანელი. მ-ის კვლევის სფეროებია ქართულ-ებრაული ურთიერთობა, ფეოდ. ხანის საქართვ. საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XI–XVIII სს.). თარგმნილი და გამოცემული აქვს „XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ“ (1981); „თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, 1577–1581“ (1987); „რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ“ (1993).

მ-ის თაოსნობით დაარსდა გაზეთი „გორის უნივერსიტეტი“ (2001–03 – რედაქტორი), ისტ. და არქეოლ. ცენტრის შრომათა კრებული (2011-იდან რედაქტორი, გამოიცა 22 ტომი), ხელმძღვანელობდა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ საერთაშ. კონფერენციებს (2014-იდან, ჩატარდა რვაჯერ). იყო საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მეცნიერული კვლევის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, აგრეთვე  გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები.

თხზ.: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები XV ს. ნახევარსა და XVI ს-ში (ევროპული წყაროების მიხედვით), თბ., 1981; გორის ისტორია, [ტ.] 1–2, თბ., 1984–1999, გამოც. მე-2, თბ., 2018–2019; ქართველ ებრაელთა ისტორია: ანტიკური და ფეოდალიზმის ხანა, თბ., 1995 (რუს. 2011, ინგლ. 2014); ამილახვრები, გორი, 1996; ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998; ქრისტეს კვართის ისტორია (ქართ, რუს. ენებზე), გორი, 2003; საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008; იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი – თამარ მეფის საბოლოო განსასვენებელი?! (ქართ., ინგლ., რუს. ენებზე), თბ., 2014; იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი, თბ., 2016; საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, ტ. 1–6, თბ., 2009–2022; ლუარსაბ I და სვიმონ I, თბ., 2018; თეიმურაზ I, თბ., 2019; როსტომი და ვახტანგ V, თბ., 2020.

მამისთვალოვი აბრამ იცხაკის ძე (1.X. 1921, ცხინვალი, – 19. XI. 2005, ქ. ბათ-იამი, ისრაელი), მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. 1938 უგამოცდოდ ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტზე, თუმცა ომის დაწყების გამო სწავლა ვერ დაასრულა. ლექსების გამოქვეყნება დაიწყო 1938-იდან. 1945–77 მუშაობდა გაზ. „საბჭოთა ოსეთის“ რედაქციაში. 1974 იანვარიდან საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც რედაქტორობდა ქართულენოვან ჟურნალ-გაზეთებს.

მ-ის ნაწარმოებები თარგმნილია რუს. და ებრ. ენებზე. 1983-იდან რედაქტორობდა თავისივე დაარსებულ (სხვებთან ერთად) გამომცემლობა „შუქურას“, რ-ის მთავარი მიზანი ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის წმ. წიგნების გამოცემა იყო. მისი რედაქტორობით 1988–89 თელ-ავივში ქართ. ენაზე 5 ტომად გამოიცა ხუმაში (თორას ხუთწიგნეული), რ-ის ერთ-ერთი მთარგმნელი თავადვე იყო.

1994 დაჯილდოვდა ი. მაჩაბლის სახ. პრემიით, რ-იც 1995 საქართვ. პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ პირადად გადასცა ისრაელში.

თხზ.: ლექსები, ცხინვალი, 1952; გულის კარნახით, ცხინვალი, 1957; შიმშონის ხუმრობანი: ნახული, გაგონილი და მოგონილი, თელ-ავივი, 1978; ხალიანი ქალი და სხვა თხზულებანი, თელ-ავივი, 1981.

ს. მეტრეველი