მამობის დადგენა, სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს ბავშვის ბიოლოგიურ მამას და მიეთითება ბავშვის დაბადების მოწმობაში. საქართვ. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, შვილის დაბადების მოწმობაში დაქორწინებული პირები აღინიშნებიან დედად და მამად. დაუქორწინებელი მშობლების შემთხვევაში დედა და მამა მიეთითება მათივე განცხადების საფუძველზე. საჭიროებისას მამობის დადგენა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რ-ის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი. მამობის დადგენა შეუძლია მოითხოვოს ბავშვმაც სრულწლოვანების მიღწევისას. სასამართლო მამობას ადგენს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების შესაბამისად. ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს დედისა და მამობის შესახებ განმცხადებელი ან განცხადებაში მითითებული პირის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდისა და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა მსგავს ფაქტებს. მამობა შეიძლება არ დადგინდეს, თუ ეს ბავშვის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მამობა ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდ. მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს მ. დ-ის რეგისტრაციას უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მ. დ-ის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში (იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო ჩანაწერის თაობაზე) სადავო გახადოს პირმა, რ-საც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა. მ. დ-ის შედეგად მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვს აქვს ისეთივე უფლება-მოვალეობები, როგორიც დაქორწინებული მშობლების შვილს და ბავშვი ხდება მამის მემკვიდრე.
ი. უჯმაჯურიძე