მამრაძე პეტრე გრიგოლის ძე [27. II (11. III). 1877, თბილისი, – 31. VII. 1937, იქვე], ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ირიგაციის ფუძემდებელი საქართველოში. დაამთავრა პეტერბ. ტექნოლ. ინ-ტი (1907). ასწავლიდა მათემატიკას თბილ. ქართ. გიმნაზიაში (1907–10). მონაწილეობდა დღევანდელი რუსთაველის თეატრის მშენებლობაში; დაამუშავა მთაწმინდის პანთეონში ი. ჭავჭავაძის საფლავის არქიტექტურული ნაწილი (1912–13), ქუთ. თბოელექტროსადგურის, ალაზნისა და დოღლაურის ველების, ლამი-მისაქციელის მიწების მორწყვის პროექტები (1912–17) და სხვ. იყო ამიერკავკასიის „წყალთა საბჭოს“ წევრი და „წყალთა საქმის“ ინსპექტორი (1917-იდან), თბილ. მთ. ინჟინერი (1918–21). შეადგინა თბილ. ახალი წყალსადენის პროექტი ნატახტრისა და ბულაჩაურის წყაროების საფუძველზე (1919); განაგებდა დას. საქართველოში პირველი სარწყავი სისტემის შექმნისა და ჭაობების დაშრობის სამუშაოებს (1921–25), დააპროექტა ალაზნის სარწყავი სისტემა (ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას), აგრეთვე შირაქის წყალსადენი, სამგორის სარწყავი სისტემა და თბილისის ზღვა, მოამზადა საქართვ. პირველი სამელიორაციო გეგმა (1926–30). დაამუშავა კურ. წყალტუბოს გენ. გეგმის ძირითადი სქემა და სათავეში ედგა ქალაქის ჰიდროტექ. კომპლექსის მშენებლობას (1932–37). ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა სპი-ში (ახლანდ. სტუ). რეპრესირებული იყო ე.წ. პრომპარტიის (მრეწველთა პარტია) საქმესთან დაკავშირებით (1930–32).
ლიტ.: მირცხულავა ც., საქართველოში ირიგაციის საქმის ფუძემდებელი, პეტრე მამრაძის დაბადების 125 წელი, „საქართველოს რესპუბლიკა“, 2002, №58.