მამუკა ბატონიშვილი

მამუკა ბატონიშვილი (დაახლ. XVII ს. 10-იანი წლები, – X. 1653/54), იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, იმერეთის მეფე გიორგი III-ის ძე. ახასიათებდნენ როგორც ჭკვიან, ენერგიულ და მამაც ახალგაზრდას. XVII ს. 30-იან წლებში ქართლის მეფე როსტომმა მემკვიდრედ აირჩია. მ. ბ. ძმის, ალექსანდრე III-ის მმართველობის პერიოდში სათავეში ედგა ოდიშელთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლას და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა 1647 ერთ-ერთ ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა ლევან II დადიანს. ალექსანდრე III ბევრს ეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. დადიანმა მ. ბ. დააბრმავა, რის შემდეგაც იგი მალევე გარდაიცვალა.

წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., „საისტორიო მოამბე“, 1925, წგ. 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ.) თბ., 1989; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.