მამუკას ციხე, ალამბრის ციხე, შუა საუკუნეების ციხე სოფ. ალამბარში (ქობულეთის მუნიციპ.), მდ. აჭყვის მარჯვ. ნაპირზე, ციხისყელად წოდებულ გორაზე. გვიან შუა საუკუნეებში ციხეს ფლობდა ქობულეთის გამგებელი (მმართველი) მამუკა თავდგირიძე (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც). გადმოცემის თანახმად, რუსეთ-თურქეთის 1877–78 ომის დროს ალამბრის ციხე ქობულეთის მმართველი თავდგირიძეების ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი უნდა ყოფილიყო. 1959 მიწისძვრამ ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა (ფაქტობრივად გაანადგურა). გადარჩენილი კედლებისა და საძირკვლის ნაშთების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ციხეს გეგმით თითქმის კვადრატული ფორმა ჰქონდა (ფართ. დაახლ. 70 მ 2). კედლებიდან ყველაზე უკეთ სამხრ. (სიმაღლე 3 მ) და დას. (სიმაღლე 1 მ) კედლებია შემორჩენილი. მათი სისქეა 1–1,2 მ. ციხე ძირითადად ნაგებია თითქმის თანაბარი ზომის ნატეხი ქვით. შემორჩენილ კედლებზე ჩანს გვიანდელ პერიოდში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების კვალი.
ლიტ.: სიხარულიძე ი., აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, ბათ., 1962.
რ. ტაკიძე