„მამულიშვილი“

„მამულიშვილი“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, გამოდიოდა პარიზში (1926–28). დამფუძნებელი და რედაქტორი იყო რ. გაბაშვილი. გამოსცემდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტია. სულ გამოიცა 7 ნომერი. გაზეთთან თანამშრომლობდნენ რ. გაბაშვილი, დ. ვაჩნაძე, გ. გვაზავა,
ტ. მარგველაშვილი, რ. ივანიცკი-ინგილო, შ. ამირეჯიბი, ი. ხანანაშვილი და სხვ. გამოქვეყნებული წერილებიდან აღსანიშნავია:
გ. გვაზავას „ეროვნული ფრონტი“ (№1, 1926), კავკ. დამოუკიდებელი კომიტეტის მიმართვა „ბრძოლა კავკასიის დამოუკიდებლობისათვის“ (№3, 1927), 1927 წ. 18 დეკ., ი. ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ საღამოზე წაკითხული შ. ამირეჯიბის მოხსენება (№5, 1927), ეროვნ.-დემოკრ. პარტიის პარიზის კომიტეტის წერილი „ჩვენი პარტიის საყურადღებოდ“ (№4, 1927), რ. ივანიცკი-ინგილოს „ერთად თუ დაქსაქსვით?“ (№7, 1928), „მეთვალყურის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული „ემიგრაციის მოვალეობაზედ“ (№3, 1927), „დონვინის“ (დ. ვაჩნაძე), „ი. პილსუდსკი“ (№7, 1928) და სხვ. წერილების ნაწილი გამოქვეყნებულია ფსევდონიმებით („X“, „მეთვალყურე“, „დონვინი“, „ტ. მ.“ – ტ. მარგველაშვილი; „კახელი“, „ეგრისელი“, „ფარი“, „შ. ა-ბი“ – შ. ამირეჯიბი).

ლ. ურუშაძე