მამფალი, ფეოდალურ საქართველოში პატრონის შესატყვისი ტერმინი, ფეოდალი მთავრების სახელწოდება; მიღებულია „მამა“ და „უფალი“ სიტყვების შერწყმით. მისი წარმოქმნა და დამკვიდრება გამოწვეული იყო სათანადო ცვლილებით სოც. ცხოვრებაში – სიტყვა „უფალმა“ (მიწის, ადამიანთა და სხვ. მფლობელი) ფეოდალი მესაკუთრის, მისგან დამოკიდებულ ადამიანზე მზრუნველი „მამის“ და „პატრონის“ შინაარსიც შეიძინა. ტერმინი მ. პირადი და საადგილმამულო ურთიერთდამოკიდებულების გამოსახატავად ფართოდ დამკვიდრდა VIII ს. II ნახ-ში.
IX–X სს-ში, როდესაც ამავე მნიშვნელობით საყოველთაოდ გავრცელდა „პატრონი`, ტერმინი „მამფალი“ ფეოდალი მთავრის აღსანიშნავად კიდევ გამოიყენებოდა, მაგრამ მალე გამოვიდა ხმარებიდან.
ლიტ.: ბოგვერაძე ა., ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV–VIII საუკუნეებში, თბ., 1979.
ა. ბოგვერაძე