მამფორია ოთარ ანტონის ძე (1. XII. 1924, ქუთაისი, – 17. IX. 2000, თბილისი), მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1951), მ. გორკის სახ. ლიტ. ინ-ტის უმაღლესი ლიტ. კურსები (1958). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1940, პირველი კრებ. „ლექსები და პოემა“ – 1956. არის ლექსთა კრებულების, პოემების, პიესების, სატირულ-იუმორისტული და საბავშვო ნაწარმოებების ავტორი. ლექსების კრებულებიდან აღსანიშნავია „ცისკრის ვარსკვლავი“ (1958), „ცისარტყელა ჩანჩქერში“ (1962), „ეტლი წუთისოფლისა“ (1970), „ერთი მუჭა მიწა“ (1971) და სხვ.; პიესებიდან – „მეტეხის ჩრდილში“ (რუსთაველის თეატრი, 1963; გამოიცა 1969), „ტაგუ“ (ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრი, 1969), „იეთიმ გურჯი“ (მარჯანიშვილის თეატრი, 1974), „პიესები“ (1977), „უმხედრო ბედაური“ (1982) და სხვ.; მისი რომანი „ჩემი ქუთათური რაინდები“ დაიბეჭდა 1995. თარგმნიდა ს. ესენინის, ა. ბლოკის, ე. ევტუშენკოს, ბ. პასტერნაკის პოეზიას.
1997 მიენიჭა ღირსების ორდენი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: რჩეული, თბ., 1982; საქართველო ჩირაღდნად მინთია: ლექსები და პოემა, თბ., 1999; სიცილის ვიტამინები: უღვინო ქორწილი, თბ., 2000; ასი ლექსი, თბ., 2012.