მანავი

მანავი, სოფელი კახეთის რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთით. თემის ცენტრი (სოფლები: მ., ზემო ბურდიანი). ზ. დ. 700 მ, საგარეჯოდან 15 კმ, 2769 მცხ. (2014).

სოფლის მდებარეობა კარგ პირობებს ქმნიდა მეურნეობის მრავალი დარგის, მ. შ. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყულიხან. მთის ძირად არს ძუელადი ციხე და აწ შემუსვრილი. არამედ ღვინო მანავისა კეთილი“. ვარაუდობდნენ, რომ მ-ზე გადიოდა შვიდი დღის სავალი ე. წ. „ცხვრის გზა“. რ-ითაც ცხვარი მთიულეთიდან შირაქში გადაჰყავდათ ზამთრის საძოვრებზე.

მ-ის დასახლებამ და მისმა ციხესიმაგრემ, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების პერიოდში. სხვა ქართულ სამთავროებთან ურთიერთობისა თუ არაბებთან ბრძოლის დროს, ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის პერიოდში, ეს ფუნქცია მოიშალა, მაგრამ კახეთის სამეფოს დაარსების შემდეგ, როგორც სტრატეგიული პუნქტი, კვლავ მნიშვნელოვანი გახდა.

1706 იმამყული-ხანმა თავისი ზამთრის რეზიდენცია ყარაჯაღიდან, ვახუშტი ბატონიშვილის აზრით ლეკიანობის გამო, მანავში გადაიტანა.

აჯი-ჩალაბთან (აგრის ბრძოლა 1751) ქართველების დამარცხების შემდეგ ლეკები საქართველოს შემოესივნენ და, როგორც პაპუნა ორბელიანი გადმოგვცემს: „მრავალი ალაგი წაახდინეს... წარბძანდა მეფე ერეკლე მათთან საბრძოლველად. დახვდნენ ლეკნი მანავის თავში, ძლიერებითა ღვთისათა გაემარჯვა მეფეს ერეკლეს და ამოწყვიტეს ლეკნი“. საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, რომ XVII ს-ში და XVIII ს. დასაწყისში მ-ის მოსახლეობის ნაწილი ლეკიანობის გამო აყრილა კიდეც, მაგრამ ერეკლე II-ის მეფობის დროს ბევრი კვლავ დაბრუნებულა.

კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, მ. ძირითადად სამეფო-სახასო მამულად განიხილებოდა. სოფელსა და მის შემოგარენს მეფის მოურავები განაგებდნენ. ყმა-მამულს, სახნავ-სათესსა და ვენახებს ეკლესიაც ფლობდა, იყო საუფლისწულო მიწებიც. საომარი მოქმედებების წინ, მ-თან ხდებოდა როგორც კახეთის, ისე ქართლ-კახეთის ლაშქრის შეკრება.

კახეთის აჯანყების (1812–13) დროს, მანაველებმა გაანადგურეს რუსთა საეგზეკუციო ჯარი, მაგრამ მარკიზმა ფ. პაულუჩიმ, ხაშმის ბარბაროსულად დარბევის შემდეგ, უბრძოლველად დაიკავა პატარძეული, საგარეჯო, მ. და კაკაბეთი.

1812 წ. 26 ნოემბერს მ-თან გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა რუსებსა და ქართველებს შორის, ქართველთა ლაშქარს ალექსანდრე ბატონიშვილი მეთაურობდა. დამარცხების მიზეზად თეიმურაზ ბატონიშვილი თავის ნაშრომში – „ახალი ისტორია“ კარის წინამძღვრის, ელეფთერ ზუკაკიშვილის, გიორგი მეფის ეშიკაღასბაშ ალექსანდრე მაყაშვილისა და ლეკთა რაზმის ღალატს ასახელებს. აჯანყებაში მონაწილეობის გამო მრავალი გააციმბირეს. მ-ის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან გერმანელი მეცნიერები და მოგზაურები: ი. გიულდენშტედტი და კ. ეიხვალდი.

მ-ში შემორჩენილია ღვთისმშობლის შობის (იხ. მანავის ღვთისმშობლის შობის ეკლესია) ვედრებისის წმ. გიორგისა და თელეთის მთავარანგელოზის ეკლესიები და ციხესიმაგრე.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 1III, თბ., 2019.

კ. კახიძე