მანავის ციხე

მანავის ციხე, კომპლექსი მდებარეობს სოფ. მანავის (საგარეჯოს მუნიციპ.) ჩრდილოეთით, მაღალი მთის წვერზე. სამხედრო თვალსაზრისით ციხე მეტად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებს. ზოგადი ნიშნებით ციხის ძვ. ფენა X–XI სს-ით თარიღდება, გვიანდ. კი – XVI–XVIII სს-ით. ვახუშტი ბატონიშვილი სოფ. მანავზე წერს: „მთის ძირად არს ძუელადი ციხე და აწ შემუსრვილი“. ი. გიულდენშტედტის ცნობით (კახეთში იმყოფებოდა 1772), იმხანად სოფ. მანავი თითქმის მთლიანად ყოფილა განადგურებული, გადარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილს კი სოფლის ჩრდ-ით, ციცაბო მაღლობზე მდებარე ვიწრო გალავნისათვის, სავარაუდოდ, მ. ც-თვის შეუფარებია თავი. ციხე ორი ნაწილისგან – შიდა და ქვედა ციხისაგან – შედგება. შიდა ციხე მთის წვერზეა განლაგებული, ხოლო ქვედა, რ-იც ფართობით შიდა ციხეს თითქმის ორჯერ აღემატება, მას აღმ-იდან ესაზღვრება. ციხე, რელიეფიდან გამომდინარე, დას-იდან მიუდგომელია. ციხის გალავნისა და ნაგებობების ძირითად საშენ მასალად რიყის სხვადასხვა ზომის ქვაა გამოყენებული. ციხის მთავარი შესასვლელი მდებარეობდა ქვედა ციხის ჩრდ. კედელში, აქ მდგარი კოშკის (მთლიანადაა დანგრეული) ქვედა სართულზე, შიდა ციხეში კი – გალავნის აღმ. კედლის სამხრ. ნახევარში (კვალი აღარ ჩანს). შიდა ციხე გეგმით არაწესიერი ფორმისაა და სამხრეთიდან ჩრდ-ის მიმართულებითაა წაგრძელებული (დაახლ. 90×50 მ). კედლებიდან ყველაზე უკეთ დას. და ჩრდ. კედლებია შემორჩენილი. დანარჩენების დიდი ნაწილი დანგრეულია. გალავნის ჩრდ. კედლის შუაში მდგარა მოზრდილი სამსართულიანი შენობა, რ-ის პირველი სართულის ქვეშ განთავსებული იყო სწორკუთხა გეგმის, კამარით გადახურული წყალსაცავი. ამ შენობის აღმ-ით, დაახლ. 10 მ-ზე, დგას გეგმით კვადრ., კოშკური ტიპის სამსართულიანი ნაგებობა. კოშკის აღმ-ით გალავნის კედლის მოზრდილი მონაკვეთია, რ-იც გარედან ნახევარწრიული მასიური ბურჯითაა გამაგრებული. კედლის შიდა ციხის სამხრ.-აღმ. კუთხეში დგას მოზრდილი, კოშკური ტიპის ოთხკუთხა ნაგებობა. შესასვლელი მას აღმ-იდან ჰქონია, პირველი სართულის დონეზე. მოგვიანებით, გამაგრების მიზნით, შენობის სამხრ.-დას. კუთხესთან მიუშენებიათ დიდი კონტრფორსი, დას. კედელზე კი – კედელი.

შიდა ციხის შუაში შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეებში აგებული გვერდიგვერდ მდგარი სამი დარბაზული ეკლესია, მათთან ახლოს კი – ჩრდ.-აღმ-ით, ათიოდე მ-ზე სწორკუთხა წყალსაცავია. ყველაზე ადრეულია ჩრდ-ით მდებარე ეკლესია (8,5×5,5 მ), სამხრეთისა კი გაცილებით მცირე ზომისაა (4,3×3,2 მ), უაფსიდოა და აღმ-ით სწორი კედლითაა დასრულებული. მესამე ეკლესია (7,9×5,0 მ) ყველაზე უკეთაა შემონახული და, სავარაუდოდ, XVIII ს-ით თარიღდება. მის ქვეშ მოწყობილია შეისრული კამარით გადახურული წყალსაცავი (სიღრმე – 4 მ), რ-შიც წყალი ჩაედინებოდა ეკლესიის დას. კედელში დატანებული პატარა ხვრელიდან. წყალსაცავის აღმ. მხარეს თაღოვანი კარია მოწყობილი.

ქვედა ციხე აღმ. კალთაზეა განლაგებული. მისადგომი მას აღმ-იდან და ჩრდ-იდან აქვს, ამიტომ ამ მხარეებიდან იგი მძლავრი კედლებით (შემორჩენილია ნაწილობრივ) იყო დაცული. მის ტერიტორიაზე შემორჩენილია მოზრდილი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობის ნაშთები. XX ს. 50-იან წლებში შიდა ციხის ტერიტორიაზე ჩატარდა სარეაბილიტაციო, ხოლო 2006 – არქეოლ. სამუშაოები. გაწმინდეს და შეისწავლეს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და რამდენიმე კოშკი. ამავე წელს სარესტ.-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა შიდა ციხის სამხრ.-დას. კოშკს, რის შედეგადაც გამოვლინდა სამი კულტ. ფენა. მათგან ზედა გვიანდ. შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, შუა – განვითარებულ შუა საუკუნეებს, ხოლო ქვედა – გვიანდ. ანტ. ხანის დასასრულსა და ადრინდ. შუა საუკუნეებს. ქვედა ფენა დადასტურდა როგორც კოშკის მთელ ფართობზე, ისე მის გარეთაც. გაირკვა, რომ ციხე, რ-ის ძველი სამშ. ფენა X–XI სს. მიეკუთვნება, დგას გაცილებით ადრინდ. კულტურულ ფენებზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ ამ ადგილას ადრეულ ხანაშიც ყოფილა დასახლება.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, თბ., 1973.

ლიტ.: ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1962; ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994; ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ.,1962; მისივე, საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; მისივე, ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს-ის ბოლომდე, თბ., 2002; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1–3, თბ., 2019; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959; Georgian Architecture. A documented photo-archival collection on microfiche, vol. 3, Leiden, 1997.

თ. დვალი