„მანანა''

„მანანა'', კრებული „ღმრთივდიდებულთა წმიდათათვის შესხმანი, სულისა დამატკბობელნი`, რ-იც შეიცავს ორმოც „შესხმას`: ღვთისმშობლის, იესო ტკბილის, ჯვრის, ანგელოზის, ნათლისმცემლის, მოციქულების, მოწამეების, მღვდელმოძღვართა და ღირსთა მამათა ქებას. კრებული შედგენილია ნათლისმცემლის მრავალმთის მონასტერში მოღვაწე გაბრიელ მცირის (XVIII ს.) მიერ. ამ წიგნს, როგორც ბოლოსიტყვაობაში ამბობს ავტორი, ეწოდება „მანანა` ღვთისმშობლის სიყვარულისათვის, ვინაიდან მისგან მივიღეთ ჩვენ ჭეშმარიტი „პური ცხოვრებისა – იესო ტკბილი`. კრებულის 40 თავი განპირობებულია იმით, რომ 40-დღიან წარღვნას გადაურჩა ნოეს კიდობანი, 40-დღიანი მარხვის შემდეგ მოსე „გაბრწყინდა ღვთის ხედვითა`, 40 დღეს მარხულობდა ილია თეზბიტელი, იესო ქრისტე მე-40 დღეს ტაძარში მიიყვანეს, მან 40-დღიანი მარხულობის შემდეგ ეშმაკი განდევნა და მე-40 დღეს ამაღლდა. კრებული დაცულია ხელნაწერებში (A 403; A 522; A 1310; H 261; Q 269; S 2330); ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1904.