მანგლისისა და თეთრი წყაროს ეპარქია

მანგლისისა და თეთრი წყაროს ეპარქია, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეპარქია. მის შემადგენლობაში შედის მანგლისის, თეთრი წყაროს (ძვ. გარისი) მუნიციპალიტეტები. ეპარქიას აღმ-ით ესაზღვრება რუსთავის, სამხრ.-აღმ-ით – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, დას-იდან – წალკის, სამხრ.-დას-ით – დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, სამხრ-ით – ბოლნისის (იხ. ბოლნისის საეპისკოპოსო), ჩრდ-ით – მცხეთა-თბილისის, სამთავისისა და კასპის ეპარქიები; ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საქართვ. საკათოლიკოსოს ეპარქიათაგან მანგლისი მეოთხე სამღვდელმთავროდ იხსენიება. იგი 12 ეპარქიას შორის ახიზის, ერუშეთისა და წუნდის შემდეგ სახელდება. მანგლისის დაწინაურებას საკათედრო ტაძრის აგება და იქ დაცული უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები (მ. შ. „ფიცარი ფერხისა უფლისა“) განაპირობებდა. ეპარქიის საკათედრო ტაძარი (V ს. იხ. მანგლისის ტაძარი) მცხეთის ჯვართან ერთად სახელდებოდა და მის მოსალოცად საქართვ. საზღვრებს გარედან, კერძოდ სომხეთიდანაც დადიოდნენ. ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადების შემდეგ ამ მხარეში მრავალი გამორჩეული ეკლესია და მონასტერი არსებობდა: სამშვილდე, გუდარეხი, დიდი თონეთის სამება, ფიტარეთი, დიდი კლდეისი, წინწყარო, ბეშთაშენი, წალკა, თეძამი, პირღებული და სხვ. 1917 წ. სექტ-ში აღდგა სამღვდელმთავრო კათედრა, რ-იც მანგლისისა და წალკის ძველ საეპისკოპოსო ტერიტორიათა გაერთიანებული სამწყსოა. ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ამ ტერიტ-ზე სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩაასახლეს, რამაც მართლმადიდებელი მრევლის შემცირება გამოიწვია.

2013 წ. 11 ოქტომბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა მ. და თ. წ. ე., რ-ის კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და თეთრი წყაროშია.

ლიტ: გუგუშვილი გ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიათა ცნობარი, ,,ორნატი`, 2003, №1; მისივე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კრებული მიძღვნილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს, აღსაყდრებიდან 30-ე და დაბადებიდან 75-ე წლისთავზე, თბ., 2007; ქუთათელაძე ქ., მანგლისის ეპარქიის საზღვრები, კრ.: ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, XI, თბ., 2009.

გ. გუგუშვილი