მანგლისის ტაძარი

მანგლისის ტაძარი. V და XI სს.

მანგლისის ტაძარი, V–XI სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დაბა მანგლისში (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). ისტ. წყაროების მიხედვით რამდენჯერმე არის განახლებული. მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი ადრეული ცენტრია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, მირიან მეფის თხოვნით, ბიზანტიის კეისარმა კონსტანტინემ საქართველოში მოავლინა ეპისკოპოსი იოანე წმ. რელიკვიებით, ერუშეთისა და წუნდის გამოვლის შემდეგ „მოვიდა მანგლისს და იწყო ეკლესიის აშენება და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი` (ქართლის ცხოვრების ჭელიშური ვერსიით – „სამსჭვალნი“). ლეონტი მროველისა და არსენ კათოლიკოსის გადმოცემებით, IV ს. I ნახ-ში მანგლისში ქვის ეკლესია აუგიათ, რ-მაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ტაძარში თავიდანვე დაბრძანებული იყო „ძელი ჭეშმარიტის“ ნაწილი, ამიტომ ეკლესიას „ჯვრის ტაძარი“ ეწოდა. V ს. II ნახ-ში ვახტანგ გორგასალმა მანგლისის საეპისკოპოსო დააარსა ახალი ოთხაფსიდიანი ეკლესია ააგო, რ-იც ზომით თავდაპირველ ეკლესიას მნიშვნელოვნად აჭარბებდა და გარედან რვაკუთხედში იყო მოქცეული. როგორი იყო ახალი ეკლესიის ფასადები, უცნობია, რადგან შემდგომი გადაკეთებისას ისინი თავიდან მოაპირკეთეს. ეკლესია საფუძვლიანად გადაკეთდა XI ს. 20-იან წლებში, მეფე გიორგი I-ის (1014–27) დროს. დღევანდელი ტაძარი სხვადასხვა პერიოდის (V ს. და XI ს.) ორ ნაწილს აერთიანებს. ტაძრის გეგმის დას. ნაწილი ვახტანგ გორგასლის მიერ აგებულ ოთხაფსიდიან ეკლესიას განეკუთვნება. საკურთხეველი ზომით V ს. ტაძრის საკურთხეველს იმეორებს, მის გვერდებზე კი – ნახევარწრიულაფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა მოწყობილი. ტაძარში ორი შესასვლელია – სამხრ-იდან და დას-იდან. მათ წინ სწორკუთხა კარიბჭეებია. გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის ყელის საფუძვლის წრიულ მოხაზულობაზე აფრების მეშვეობით გადადის.

XI ს-ში ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატეს (შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში, დანარჩენი ნაწილი შეეწირა XIX ს. რემონტს, რ-ის დროსაც ინტერიერი გაწმინდეს და სრულად შეათეთრეს), გარედან კი კარგად გათლილი ალგეთის რუხი ბაზალტით შემოსეს (გამონაკლისია დას. კარიბჭის დას. ფასადი, სადაც შესამოსად მოყვითალო ქვაა გამოყენებული). გუმბათის ყელი გარედან თორმეტწახნაგაა. მასში ექვსი სარკმელია გაჭრილი (თითო წახნაგის გამოტოვებით), რ-ებსაც ფართო დეკორ. საპირე შემოუყვება. მოჩუქურთმებულია გუმბათის თაღედის ლილვების ბაზისები და კაპიტელები. დეკორით რამდენადმე აქცენტირებულია აღმ-ის ფასადი. ორი სამკუთხა ნიში და საკურთხევლის სარკმელი ერთიანი სამმაგი დეკორ. არშიითაა გაერთიანებული. ინტენსიურადაა მორთული კარიბჭეების ფასადებიც (ტაძრის აღმ-ის ფასადის ფრონტონში და სამხრ-ის კარიბჭის თავზე დამატებული ჯვარი და მცირე კოლონები XIX ს-ისაა). მ. ტ-ის მოპირკეთების ნაწილი XIX ს. სარესტავრაციო სამუშაოების დროსაა „გადათლილი“ და „ჩასწორებული“. გამონაკლისია გუმბათის ყელი, რ-მაც ჩვენამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. კედლებზე არსებული მრავალი ასომთავრული წარწერა სიძველისა თუ სარესტავრაციო სამუშაოების (XIX ს.) შედეგად დაკარგულია ან ნაკლული ტექსტის გამო მათი შინაარსის გაგება შეუძლებელია. ერთ-ერთი წარწერის მიხედვით დგინდება ძეგლის აღდგენა-გადაკეთების თარიღი 1020. წარწერა კარიბჭეში ტაძრის სამხრ. შესასვლელის საპირეში იყო ჩართული და მის „მოწესრიგებას“ შეეწირა. წარწერა გადმონახატის (დაცულია სანქტ-პეტერბურგში მ. ბროსეს არქივში) მიხედვით წაიკითხა მ. ბროსემ.

ტაძრის აღდგენა-გადაკეეთების თარიღს შეიცავდა სამხრ. სარკმლის თავსართის ქვემოთ არსებული წარწერაც. ეს წარწერაც XIX ს. სარესტავრაციო სამუშაოებს შეეწირა (ასლი შეასრულა მხატვარმა ფრიჩმა). მესამე წარწერა დ. მეღვინეთხუცესიშვილმა აღმოაჩინა. მ. დვალის ვარაუდით, ეს ქვა მ. ტ-ის დას. კარიბჭიდანაა, რ-იც ტაძარს რამდენიმე წლის შემდეგ მიაშენეს და წარწერაც მისი აგების წელს გვაუწყებს (1027). ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი რუს. წარწერები 1858 და 1862 წლებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს ეხება. ეკლესია მაღალი გალავნითაა შემოკავებული, რ-საც მრავალი შეკეთება ან გადაწყობა ეტყობა. გალავნის კუთხეები მრგვალი საბრძოლო კოშკებითაა გამაგრებული (ჩრდ.-დას. კუთხე ამჟამად კოშკის გარეშეა, რაც სავარაუდოდ XIX ს-ის შეკეთების შედეგია. გალავანს ზედა ნაწილშია საბრძოლო ბილიკები და სათოფურები. აღმ-ის კარის ზემოთ ჩართული მხედრული წარწერის მიხედვით გალავანი აგებულია (ან მნიშვნელოვნადაა განახლებული) 1667 არსენ ეპისკოპოსის მიერ. მთ. შესასვლელი სამხრ-იდან გალავანში ჩართული ორიარუსიანი სამრეკლოს ქვედა სართულიდანაა. რუსულ წარწერაში (....сооружена в 1862 г. ....) ნახსენები თარიღი არა გალავნის აგების, არამედ გვიანფეოდალური ხანის სამრეკლოს აღდგენის თარიღია. მისი ქვედა სართული მთლიანად გათლილი კვადრებითაა შემოსილი, ზედა სართული თაღებით გახსნილი ექვსსვეტიანი ფანჩატურია და პირამიდული სახურავითაა გადახურული. მ. ტ-ის რესტავრაცია 1956 დასრულდა (არქიტ.-რესტავრატორი მ. დვალი). 1959 დასრულდა ინტერიერის გაწმენდა და გადარჩენილი მოხატულობის გამაგრება (მხატვარ-რესტავრატორი შ. აბრამიშვილი). ბოლო წლებში ტაძარი მოიხატა და აიგო ქვის კანკელი.

ლიტ.: ბარნაველი თ., მანგლისის ტაძრის წარწერები, თბ., 1961; ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2014; დვალი მ., მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1974; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

გ. მარსაგიშვილი