მანდატურთუხუცესი

მანდატურთუხუცესი, გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა სამეფო კარზე – სასახლის მმართველი, ვაზირი და დარბაზობის ორგანიზატორი (ობერცერემონმაისტერი), სახელმწ. ფოსტისა და მიმოსვლის უფროსი; „საპოლიციო-ზედამხედველობითი“ სამსახურის ხელმძღვანელი; სასახლისა და სამეფო დომენის სამეურნეო ზედამხედველი. მ. უძღვებოდა ცენტრ. აპარატის ორ დიდ უწყებას – სააჯო კარსა და საგანმგეოს.

მ-ს ასევე ევალებოდა სახელმწიფო კარზე მიღებული წესრიგის დაცვა და სხვა ადმ. ფუნქციები. მეფის მგზავრობის დროს იგი მთავარი ცერემონმაისტერის როლს ასრულებდა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მ. ზოგიერთი ფუნქციით მიაგავდა ბიზანტ. „დრომის ლოგოთეტს“, ანუ სახელმწ. ფოსტისა და მიმოსვლის უფროსს და არაბ. „ამირბარს“ (სასახლის უფროსი). არსებობს აზრი, რომ მ., როგორც განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი მოხელე, მეფის სამზარეულოსაც განაგებდა. მ-ის საგანგებო სამოხელეო ნიშანი იყო ოქროს ჯოხი – ე. წ. „სამანდატურო არგანი“ და „სკარამანგი“ – ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილისაგან დამზადებული ძვირფასი სამოსი. მ. იყო ერთ-ერთი ვაზირი და თავისი პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. ზოგჯერ შეიძლებოდა, რომ ეს ორი თანამდებობა ერთ პირს შეეთავსებინა. მანდატურების გარდა მ-ს ემორჩილებოდნენ ამირეჯიბი, განმგეთუხუცესი და სხვა მოხელეები. XVII ს-ში მანდატურთუხუცესობა შეიცვალა ეშიკაღასბაშის თანამდებობით.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; ოთხმეზური გ., უხუცესი ვაზირები და მათი რიგი საქართველოში, „მაცნე“. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტორიის სერია“, 1979, № 2; ფუტკარაძე ი., ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII სს., თბ., 1983; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1–2, თბ., 1982–84, (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6–7).

მ. კლდიაშვილი