მანდილი, ქალის კომპლექსური თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი. გავრცელებული იყო უმთავრესად აღმ. საქართვ. მთიანეთში (ხევსურეთი და თუშეთი). გრძელი, ყელსახვევის მსგავსი ხევსურული მ. შინ ნაქსოვი შავი ან ლურჯი შალისაგან (ტოლი) მზადდებოდა და სათაურასთან ერთად იხმარებოდა. იგი ორი სახისა იყო: „ცალქერქა“ და „ორქერქა“. „ცალქერქას“ ერთი ბოლო „ფესვით“ (ფოჩი) მთავრდებოდა, მეორე კი – „შიბით“ (წნული სახის ნაკერი) ამოქარგული იყო ან ჰქონდა „ნაჭრელით“ ნაქარგი. მ-ის შუაში ამოქარგული იყო, „სამხატი“ (3 ჯვარი), რ-იც თავზე მოხვევისას შუბლზე უნდა მოქცეულიყო. „ორქერქა“ მ. („ორშიანი“, „ორგანი“) ორშიანი ტოლისაგან (შალი) მზადდებოდა და მხოლოდ ხატობა-დღესასწაულების დროს იხურავდნენ. თუშური სამკუთხა მ. შავი ქიშმირის ან სატინისაგან მზადდებოდა. ერთი ყური შედარებით პატარა ჰქონდა. ხევსურეთსა და თუშეთში მ. გათხოვილი ქალის სავალდებულო თავსაბურავად ითვლებოდა გაუთხოვარი ქალისათვის კი მისი ტარება არ იყო აუცილებელი. თუში ქალი მ-ს ხმარობდა ცალკე ან „კუჭურასთან“ (მანდილის ქვეშ სატარებელი) ერთად. აღმ. საქართვ. მთიანეთში მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ: მ-ის ჩაგდების შემდეგ მოჩხუბრები წყვეტდნენ შეტაკებას.
ლიტ.: ბეზარაშვილი ც., ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1974; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962.
ლ. მოლოდინი